Accessibility links

კალაძე შეწყალებაზე: როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები


თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას. „ჩემთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის გულდასაწყვეტი და არაპოპულარული გადაწყვეტილება იყო პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა როგორც პოლიტიკოსს მესმის ამ გადაწყვეტილების განმარტებები, რომელიც გაკეთდა“, - თქვა კალაძემ.

როგორც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ამბობს, ოპოზიციის ქმედებები საარჩევნო სისტემის ცვლილების წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ეს, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მოუტანდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ისინი მიმართული იყვნენ ამ განწყობით, რომ ეს საარჩევნო სისტემა ვერ მიღებულიყო. თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ და დანარჩენს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვაჩვენებთ ყველას“, - აღნიშნა

კალაძემ. მისი მტკიცებით, მმართველ პარტიას უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მან ილაპარაკა დასავლელი პარტნიორების რეაქციის შესახებაც.

„ეს პირველი შემთხვევა არ არის. თქვენ შეგიძლიათ 2012 წლიდან მოყოლებული ნახოთ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ევროპარლამენტარების, კონგრესმენების მხრიდან სხვადასხვა კონკრეტულ კრიმინალებთან მიმართებაში”, - ამბობს ის.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

უგულავას საქმე

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი, „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო „თბილისის განვითარების ფონდიდან“ 48 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვაში და 3 წლით, 2 თვით და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე საქმეზე, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ უგულავა დამნაშავედ იყო ცნობილი მხოლოდ უფლებამოსილების გადამეტებაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა გიგი უგულავა პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადეს და შეწყვიტეს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართულ ოცნებასთან“ გასული წლის ბოლოს დაწყებული მოლაპარაკება. ამ მოვლენებს მოჰყვა შეშფოთების და კრიტიკის შემცველი არაერთი განცხადება, მათ შორის აშშ-ის და ევროკავშირის მხრიდან. მმართველი პარტია უგულავას პოლიტიკური ნიშნით დევნას უარყოფს.

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, რომელიც პარტიის აღმასრულებელ მდივანთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად სტრასბურგში, ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს, 12 თებერვალს ევროპარლამენტარებს შესთავაზა საქართველოში მისიის გაგზავნა გიგი უგულავას საქმის შესასწავლად.

„ევროპულმა საქართველომ“ „ქართული ოცნების“ ტრიუკად შეაფასა საქმის შესასწავლად ევროპარლამენტის მისიის მოწვევა.

ოქრუაშვილის საქმე

„20-21 ივნისის საქმეზე“ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 2019 წლის 25 ივლისს დააკავეს. 2020 წლის 13 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ოქრუაშვილს 5 წლით თავსუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციაში მონაწილეობდა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო შემდეგი მუხლით: „ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა“.

ოპოზიციური პარტიების განცხადებით, სწორედ, ოქრუაშვილის, უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს აყენებდნენ ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს, პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფდა. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG