Accessibility links

მარინა ეზუგბაიას თანახმად, COVID-19-ის 6 ახალი შემთხვევიდან 4 კარანტინში იმყოფებოდა


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას მონაცემებით, საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში COVID-19-ის 6 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, 4 საკარანტინო სივრცეებიდანაა და ცნობილ კლასტერებს მიეკუთვნებიან. რაც შეეხება დანარჩენ 2 ინფიცირებულს, მარინა ეზუგბაიას თანახმად, გრძელდება მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, კონტაქტების დადგენის მიზნით.

მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აღნიშნული 6 პაციენტიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში არცერთი არ განთავსებულა და, შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება არ შეუძლია, თუმცა აქვს ზოგადი ინფორმაცია, რომ არცერთი ახალი პაციენტი განსაკუთრებული სიმძიმით არ ხასიათდება.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებული 26 ახალი შემთხვევიდან 9 მისი კლინიკის პაციენტი იყო. ამ დროისათვის ინფექციურ საავადმყოფოში 27 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 1-ის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

16 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 671-დან 677 შეადგინა. 26-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა და მათი რიცხვი 419-ს გაუტოლდა. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG