Accessibility links

ნიკა მელია "ქართულ ოცნებას": თქვენ თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს


ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ისტორიის ჩარხი წაღმა დატრიალდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება მიღწეულია, მთავარი გამარჯვება მაინც წინ არის. პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების ფაქტისა და ამ ფაქტზე საერთაშორისო გამოხმაურებების, კერძოდ, სენატორების გამოხმაურების კომენტირებისას მან „ქართული ოცნების“ წევრებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, გაათავისუფლონ გიორგი რურუა.

„ამერიკელი სენატორები, რომლებიც მაშინ, როცა თქვენ გძინავთ, მუშაობენ და გწერენ კონკრეტული სახელის და გვარის მითითებით და არა ზოგადი ტერმინით - პოლიტპატიმრებით, ისინი აღარ გენდობიან. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნუღარ შეხვალთ პაექრობაში, ეს ძალიან ცუდად გამოიყურება, გაათავისუფლეთ გიორგი რურუა“, - განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე და „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, ისტორიის სწორ მხარეზე გადავიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ზურგი აქციონ:

„ძვირფასო „ქართული ოცნების“ წევრებო, ზუსტად ასე გაქცევთ ბიძინა ივანიშვილი ზურგს, როგორც გუშინ გაქციათ ზურგი, ზუსტად ასე მოგატყუებთ, როგორც გატყუებდათ ამ დღეების განმავლობაში, რომ პოლიტიკური პატიმრები არ არსებობდნენ, რომ პოლიტიკურ პატიმრებზე საუბარიც კი უზნეობაა, საბოლოო ჯამში, ასევე შეგაწმენდთ ხელს. ასე რომ, სანამ დროა, არასოდეს არის გვიან, გადმოხვიდეთ ისტორიის სწორ მხარეს. თქვენ მგონი უკვე თავად უნდა აქციოთ ზურგი ბიძინა ივანიშვილს“, - მიმართა ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ წევრებს. მისივე თქმით, რომ არა ოპოზიციის ერთსულოვნება, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა და საერთაშორისო გამოხმაურება პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით ასეთი მკვეთრი და მძაფრი ვერ იქნებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები; ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG