Accessibility links

რუსეთში შეიარაღებული ძალების ტაძარში აღარ განათავსებენ მოზაიკას სტალინის გამოსახულებით


მოზაიკას იოსებ სტალინის გამოსახულებით, რომლის განთავსება დაგეგმილი იყო მოსკოვთან ახლოს, კუბინკაში მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ტაძარში, გადაიტანენ ტაძრის მახლობლად მდებარე მუზეუმში. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ განუცხადა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა.

სტალინის გამოსახულება უნდა ყოფილიყო პანოზე, რომელზეც გამოსახულია გამარჯვების აღლუმი მოსკოვში, წითელ მოედანზე. გენერალისიმუსის სახე გამოსახული იყო პლაკატზე, რომელიც წითელარმიელს ეჭირა. ამან მწვავე დისკუსია გამოიწვია მართლმადიდებელთა წრეებში.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელმა ვლადიმირ ლეგოიდამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ეკლესიაში სტალინის გამოსახულება არ უნდა იყოს. ტაძარში სტალინის გამოსახულების განთავსების წინააღმდეგ პატრიარქ კირილეს ღია წერილით მიმართეს ასევე მართლმადიდებელმა მოღვაწეებმა, რომლებიც ცნობილი არიან თავიანთი კონსერვატიული და მონარქისტული შეხედულებებით. ამის შემდეგ მოზაიკაზე სტალინის გამოსახულება შეიცვალა.

იმავე ტაძარში უნდა განთავსებულიყო მოზაიკა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსახულებით, მაგრამ მასზეც უარი ითქვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG