Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

18 მაისის სხდომაზე ადვოკატები მოითხოვენ, პატიმრობიდან გათავისუფლდეს გიორგი რურუა


გიორგი რურუა
გიორგი რურუა

18 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. როგორც მისი ერთ-ერთი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, სხდომაზე დაცვის მხარე გიორგი რურუასთვის პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების გაუქმების საკითხს დააყენებს. დიმიტრი საძაგლიშვილის განმარტებით, ამას დაცვის მხარე თითქმის ყველა პროცესზე აკეთებს:

„გიორგი რურუა არის უკანონო პატიმარი და მისი დაკავების დღიდან მოყოლებული, ჩვენი მიზანია, ბუნებრივია, რომ მალე დასრულდეს მისი უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა და ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას და, შესაბამისად, 18 მაისსაც სასამართლოზე მოვითხოვთ მის გათავისუფლებას“, - უთხრა დიმიტრი საძაგლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

მისი განმარტებით, განაჩენის დადგომამდე პრეზიდენტს მისი შეწყალება არ შეუძლია, ამიტომ გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების ერთადერთი მექანიზმი ამ ეტაპზე არის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან გაუქმება:

„ეს შეიძლება მოხდეს 2 საფუძვლით - ერთი, რომ ჩვენ მოვითხოვოთ და ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილონ ან მეორე - შეიძლება ბრალდებამ თვითონ მოსთხოვოს სასამართლოს პატიმრობის გაუქმება“, - განმარტავს დიმიტრი საძაგლიშვილი. მისი თქმით, პროცესის საბოლოო დასრულებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება:

„ანუ ერთ კვირაში და ვერც 2 კვირაში ფიზიკურად ეს საქმე ვერ დასრულდება. მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს ამ ეტაპზე. დაჩქარება შესაძლებელია, მაგრამ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, როგორც არ უნდა დააჩქარონ, თვე-ნახევარი, ერთი თვე მაინც დასჭირდება ამ პროცესს“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ აუცილებლად დამტკიცდება, რომ გიორგი რურუა უდანაშაულოა და ცეცხლსასროლი იარაღი ჩაუდეს, თუმცა მას უჭირს პროგნოზირება იმისა, რა ვადებში მოხდება ეს.

დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, 18 მაისს დაგეგმილ სასამართლო პროცესს თავად გიორგი რურუა საპატიმროდან დისტანციურად დაესწრება.

საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რომლის გათავისუფლებას ასევე ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები. საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის პირობად ამჯერად ისინი 8 8 მარტის შეთანხების სრულად შესრულებას ასახელებენ. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წინასწარ პატიმრობაშია და მისი სასამართლო პროცესი არ დასრულებულა.

გიორგი რურუა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. ის ფინანსურად ეხმარებოდა თბილისში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს. ოპოზიცია გიორგი რურუას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, თავად რურუას კი პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG