Accessibility links

აშშ-ში დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის მოხსნის თაობაზე


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორი სტივ ლინიკი.

აშშ-ის კონგრესში დემოკრატებმა დაიწყეს გამოძიება სახელმწიფო დეპარტამენტში დამოუკიდებელი მაკონტროლებლის „პოლიტიკურად მოტივირებული“ გათავისუფლების შესახებ, რომელიც, როგორც იტყობინებიან, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს საქმიანობას იძიებდა.

დემოკრატების მიერ 16 მაისს გამოცხადებულ ინიციატივამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის, სტივ ლინიკის მოხსნას აპირებს.

კონგრესის დემოკრატი ლიდერების თქმით, ლინიკმა, როგორც ჩანს, დაიწყო „თავად მდივან პომპეოს მხრიდან დარღვევების გამოძიება“ და მისი მოხსნა „შეიძლება იყოს შურისძიების უკანონო აქტი“.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ლინიკი იძიებს საჩივრებს იმის თაობაზე, რომ პომპეო დანიშნულებისამებრ არ იყენებდა თანამშრომლებს და მათ სთხოვდა პირადი დავალებების შესრულებას, მათ შორის, საჭმლის მოტანას და მისი ძაღლის მოვლას.

თეთრმა სახლმა 16 მაისს გამოაცხადა, რომ ტრამპმა გენერალური ინსპექტორი მოხსნა პომპეოს რეკომენდაციით, რომელიც ტრამპის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა.

დემოკრატმა კანონმდებლებმა მოითხოვეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ წარმოადგინოს დოკუმენტები ლინიკის მოხსნასა და პომპეოს თაობაზე მიმდინარე რაიმე გამოძიების შესახებ.

ლინიკი ტრამპის მიერ აპრილის შემდეგ მოხსნილი მესამე ოფიციალური პირია, რომელსაც მთავრობის უკანონო ქმედებების და გადაცდომების გამოძიება ევალებოდა. ამან გააძლიერა კრიტიკა, რომ პრეზიდენტი თავიდან იშორებს დამოუკიდებელ მაკონტროლებლებს და პოლიტიკური მოკავშირეებით ცვლის მათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG