Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იხსნება კორონავირუსის გამო დაკეტილი სილამაზის სალონები


დღეიდან, 18 მაისიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები უნდა დაიცვან:

რიგის და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა;

საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს;

თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია, ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება,რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას;

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომლებსაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ თანამშრომლების და ვიზიტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ. შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით;

თუ პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, მომხმარებლის განთავსებისთვის უნდა განისაზღვროს კონკრეტული ადგილი, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან;

ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბარათით გადახდას. მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით;

რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს. მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები;

ყოველი სამუშაო დღის ბოლოს უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.

საქართველოს მთავრობა "ეკონომიკის გახსნის" თავდაპირველი, 6 ეტაპიანი გეგმით, სილამაზის სალონების გახსნას სულ ბოლოს, 8 ივნისისთვის გეგმავდა. მათი ვადაზე ადრე ამუშავების გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შედარებით გაუმჯობესების საფუძველზე მიიღეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG