Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უგულავა და ოქრუაშვილი ოპოზიციის კონსულტაციებზე ბრუნდებიან


პრეზიდენტის მიერ შეწყალებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას მიიღებენ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა კონსულტაციებში, რომელიც დღეს გაგრძელდება.

საარჩევნო სისტემის შესაცვლელად გაერთიანებული სხვადასხვა იდეოლოგიის პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა 14 საათზე, ლეიბორისტული პარტიის მთავარ ოფისში დაიწყება.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ზურაბიშვილის შეფასებით, უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

„ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომლის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფდნენ. მმართველი პარტიისგან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას მოთხოვდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, განსხვავებით წინა ორი ინსტანციისგან, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის მერობის პერიოდში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რაც შეეხება „მთავარი არხის“ წილის მფლობელ გიორგი რურუას, ის 2019 წლის 18 ნოემბერს, პარლამენტთან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. რურუას საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 18 მაისს გააგრძელებს. დაცვის მხარე ისევ დააყენებს გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG