Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბულგარეთის დამოუკიდებელი ტელეარხი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს


ბოიკო ბორისოვი
ბოიკო ბორისოვი

ბულგარეთის დამოუკიდებელი ტელეარხი BTV ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს ადანაშაულებს სიცრუის გავრცელებაში მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ლიდერმა ტელეარხს უწოდა დევნილობაში მყოფი ოლიგარქის სახელს ამოფარებული.

16 მაისს ბორისოვმა ორჯერ უწოდა ამერიკული კომპანიის მფლობელობაში არსებულ ტელეარახ BTV-ს „ბოჟკოვ TV”, მხედველობაში ჰყავდა რა ბულგარეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, ვასილ ბოჟკოვი, რომელიც თვითდევნილობაში იმყოფება დუბაიში მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის იანვრიდან მას ბულგარეთში ბრალად წაუყენეს გადასახადების თავიდან არიდების, ორგანიზებული დანაშაულისა და მექრთამეობის მცდელობა.

ბორისოვის განრისხება გამოიწვია BTV-ს ეთერით ნაჩვენებმა პირადი მიმოწერის სკრინშოთმა, სადაც ვასილ ბოჟკოვი ქვეყნის ფინანსთა მინისტრ ვლადისლავ გორანოვთან, ქვეყანაში არსებულ კორუფციას განიხილავს.

ლატარიისა და აზარტული თამაშების ბიზნესით გამდიდრებული ბოჟკოვის კომპანიები ითვლება რეკლამის ძირითად დამკვეთებად ბულგარეთის მედიაში, მათ შორის არის ტელეკომპანია BTV. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა მიმდინარე წლის იანვრიდან, როდესაც ბულგარეთის პარლამენტმა ლატარიის ბიზნესი გადასცა სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ კომპანიას, რამაც ბოჟკოვს გამოაცალა მისი ყველაზე უფრო მოგებიანი ბიზნესი.

„პრემიერ-მინისტრის მიერ BTV-ს მისამართით გაკეთებული განცხადება ჩვენთვის შემაშფოთებლია. კომპანიის მენეჯმენტს არასოდეს ჰქონია ახლო ურთიერთობა ბატონ ბოჟკოვთან და არ მიუღია მისგან არანაირი თანხა“, - ნათქვამია დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მიერ წუხელ გაკეთებულ განცხადებაში.

ბულგარეთში მოქმედი BTV, ერთ-ერთი პირველი დამოუკიდებელი ტელეარხი, დამოუკიდებელი კომპანიის Central European Media Enterprises (CME) კუთვნილებაა. თავად CME-ის 75%-იან წლის ფლობს აშშ-ში მოქმედი სატელეკომუნიკაციო და მედიაგიგანტი AT&T-ი.

ბულგარეთში, რომელიც ნატოს და ევროკავშირის წევრია, ბოლო ხანს ჟურნალისტები ხშირად იმაღლებენ ხმას თავიანთი უფლებების დასაცავად.

შარშან სექტემბერში ათეულობით ბულგარელმა ჟურნალისტმა დემონსტრაცია გამართა სოფიაში, ბულგარეთის სახელმწიფო რადიოს შენობასთან სახელმწიფო მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

ბულგარეთი მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზეა და ჩამორჩება დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG