Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს რურუას პატიმრობაში დატოვებას


"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმება არ იქნება შესრულებული, სანამ გიორგი რურუა საპყრობილეს არ დატოვებს.

პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ სალომე სამადაშვილმა მედიას უთხრა, რომ რურუას პატიმრობაში დატოვება სასამართლოს მიერ ხელისუფლების ზეწოლით მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. სამადაშვილის შეფასებითვე, ეს იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმების ჩაშლას აპირებს.

„ჩვენი მხრიდან გაგრძელდება ძალიან მტკიცე და ერთიანი პოზიცია ოპოზიციის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის მხარდაჭერა, სანამ გიორგი ციხეში რჩება. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხელისუფლებაზე ის უმწვავესი ზეწოლა, რომელიც ხდება როგორც ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ასევე ევროპიდან იმიტომ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოელიან ცალსახად ერთადერთ გადაწყვეტილებას, რაც არის გიორგი რურუას გათავისუფლება საპყრობილედან“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დეპუტატის თქმით, სანამ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი დასასრულისკენ მიდის, ჯერ კიდევ რჩება შესაძლებლობის ფანჯარა და იმედია, ხელისუფლება მას გამოიყენებს და ქვეყანა თავიდან აიცილებს უმწვავეს პოლიტიკურ კრიზისს.

დღეს, 18 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა რურუას ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გაუქმების შესახებ. საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად არავითარი ახალი გარემოება არ არსებობდა.

„მთავარი არხის“ წილის მფლობელი გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს, პარლამენტთან ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს დააკავეს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ყალბი ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას გათავისუფლება „ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების ნაწილია.

მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აშშ-ის და ევროკავშირის ელჩების მონაწილეობით, 8 მარტს მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმად, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხებოდა „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ. მმართველი პარტიისგან შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულებას მოთხოვდა აშშ-ის კონგრესის და ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი.

მსჯავრდებული პოლიტიკოსები - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 მაისს შეიწყალა.

პრეზიდენტის შეფასებით, უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.

2020 წლის თებერვალში, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, განსხვავებით წინა ორი ინსტანციისგან, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო თბილისის მერობის პერიოდში საბიუჯეტო თანხის გაფლანგვაში და 3 წლით და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2020 წლის აპრილში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი დამნაშავედ ცნო 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG