Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის მთავარ პროკურორს იმპიჩმენტი ემუქრება რუსეთთან კავშირების გამო


სააკ კარაპეტიანი
სააკ კარაპეტიანი

შვეიცარიაში ქვეყნის ისტორიაში პირველად დაიწყო საპარლამენტო მოსმენა, ფედერალურ პროკურორის მიხაელ ლაუბერის იმპიჩმენტის საქმეზე მისი და მისი თანაშემწის რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის გამო. რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ცნობით, ამ საქმის დეტალები, დამყარებული სასამართლოს ხელთ არსებულ დოკუმენტებზე, „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა.

მასალის თანახმად, შვეიცარიის ფედერალური პროკურორის თანაშემწე, ვინცენ შნელი, 2014-2017 წლების განმავლობაში არაერთხელ იმყოფებოდა არაოფიციალურად რუსეთში, სადაც რუსეთის პროკურატურის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის, რუსეთის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე, აწ გარდაცვლილ სააკ კარაპეტიანთან ერთად, უკანონოდ ნადირობდა კამჩატკაზე, ისვენებდა იაროსლავლის ოლქში, ვახშმობდა რესტორნებში და იღებდა საჩუქრებს.

საქმეში არებული ჩვენებების თანახმად, მაშინაც კი, როდესაც შნელი რუსეთში ოფიციალურად ჩადიოდა, ქვეყნებს შორის სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში, - იგი პატიოსნად აწვდიდა რუსეთის მხარეს მისთვის საინტერესო საგამოძიებო მასალებს, სანაცვლოდ კი იქიდან არაფერი მიჰქონდა.

არსებობს ეჭვი, რომ შნელი ეხმარებოდა რუსეთის ციხეში დაღუპული იურისტის, სერგეი მაგნიტსკის საქმის გამოძიების დაბლოკვაში. მაგნიტსკიმ ფარდა ახადა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 230 მილიონი დოლარის დატაცებას, თანხისა, რომლის დიდმა ნაწილმა სწორედ შვეიცარიის ბანკებსა და ფირმებში გაიარა. ​

შვეიცარიის პარლამენტის საგამოძიებო კომისიას აქვს ეჭვი, რომ შვეიცარიის მთავარი პროკურორი, მიხაელ ლაუბერი, არათუ საქმის კურსში უნდა ყოფილიყო მისი ხელქვეითის ამ კონტაქტების შესახებ, არამედ, სავარაუდოდ, ხელსაც კი უწყობდა მას. ცნობილია, რომ 2014 წელს ლაუბერი და შნელი ერთად სეირნობდნენ თბომავლით ბაიკალის ტბაზე რუსეთის გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილე სააკ კარაპეტიანთან ერთად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG