Accessibility links

გუდაუთელი პაციენტი ადგილობრივ ექიმებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს


ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გუდაუთის მცხოვრები ალექსანდრე ცვეიბა, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება 13 მაისს დაუდასტურეს, დიაგნოზს ეჭვქვეშ აყენებს და ადგილობრივ ექიმებს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს.

17 მაისს, ცვეიბამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მამასა და 11 წლის დასთან ერთად მოსკოვიდან 4 მაისს დაბრუნდა, შემდეგ კარანტინში იმყოფებოდნენ და ტემპარატურის მატების გამო, 12 მაისს მიმართეს გუდაუთის საავადმყოფოს.

ცვეიბას ინფორმაციით, მეორე დღეს სიტყვიერად აცნობეს, რომ მას კორონავირუსი აქვს, მამას და დას კი - არა, მამა თვითიზოლაციაში გაუშვეს, ხოლო და მასთან ერთად მოათავსეს ერთ პალატაში. ცვეიბას აინტერესებს, თუ კორონავირუსით ინფიცირებულია, რატომ იმყოფება პალატაში დასთან ერთად.

პაციენტის ინფორმაციით, მედიკამენტები, რომლებსაც სამკურნალოდ აძლევენ, მის დაზე უარყოფითად მოქმედებს, მუცელი და თავი სტკივა და გონებაც კი დაკარგა. ცვეიბა იმასაც წერს, რომ რენტგენის ფოტოები კონსულტაციისთვის მოსკოვში ნაცნობ ექიმებს აჩვენეს და აღმოჩნდა, რომ მას მცირე ანთება აქვს, ხოლო დას საერთოდ არაფერი სჭირს: „არანაირი პნევმონია და არანაირი კორონავირუსი არ არის. ისე ვყავართ და გვაწვალებენ“.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ შტაბში განაცხადეს, რომ პაციენტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არასწორია, რადგან გამოკვლევამ ორმხრივი პნევმონია დაადასტურა, მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მკურნალობენ და მდგომარეობა უკვე გაუმჯობესებულია. რაც შეეხება მის დას, შტაბის განცხადებით, პაციენტი არაფერს წერს იმის შესახებ, რომ გოგონას კორონავირუსი დაუდასტურდა.

დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ მცდარი ინფორმაციის წინასწარი განზრახვით გავრცელება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

18 მაისის დილის მონაცემებით, გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი იმყოფება. COVID-19 აქვს რუსული სამხედრო ბაზის სამხედროსაც, რომელსაც ბაზის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში მკურნალობენ. დე ფაქტო ხელისუფლებას სულ დადასტურებული აქვს 20 შემთხვევა. მათგან ორი გამოჯანმრთელებულია, ერთი გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG