Accessibility links

ვატიკანში წმინდა პეტრეს ბაზილიკა და საბერძნეთში ათენის აკროპოლისი კვლავ გაიხსნა ვიზიტორთათვის


18 მაისიდან ევროპის კონტინენტზე, მრავალ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად შერბილდა კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული კარანტინის წესები. დაავადების შემთხვევების მკვეთრი შემცირების ფონზე, კვლავ განაახლეს მუშაობა და სტუმრებს ელოდებიან ცნობილი მუზეუმები, ისტორიული ძეგლები, რესტორნები და ბარები.

ვატიკანში ვიზიტორებისათვის გაიღო წმინდა პეტრეს ბაზილიკა, რომელიც კორნავირუსის ეპიდემიის გამო 10 მარტიდან იყო დაკეტილი. ამასთან, რიგში მდგარი დამთვალიერებლები ვალდებული არიან დაიცვან სოციალური დისტანცია.

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში, 18 მაისიდან დამთვალიერებლებს საშუალება მიეცათ, მოინახულონ აკროპოლისი და სხვა არქეოლოგიური ძეგლები. ორთვიანი კარანტინის შემდეგ, საბერძნეთის დედაქალაქის თავზე აღმართული ათენის აკროპოლისის არქეოლოგიური ნაკრძალი და მუზეუმი 18 მაისს ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ქალმა, კატერინა საკელაროპულომ მოინახულა.

ამ ფონზე, 18 მაისს, თავის პირველ ორდღიან ვირტუალურ ვიდეოკონფერენციას ჩაატარებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, WHO, გაეროს მთავარი უწყება. მის ყურადღების ცენტრში იქნება პანდემიაზე საერთაშორისო რეაქციის გადასინჯვისკენ მიმართული მოწოდებების განხილვა, რასაც ევროკავშირი მოითხოვს, და კორონავირუსის წარმომავლობის დადგენა, რასაც ავსტრალია ემხრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG