Accessibility links

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ მომავალ კვირაში დაასრულებს თავის საგანგებო უფლებამოსილებას


ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მემარჯვენე მთავრობა აცხადებს, რომ 26 მაისს პარლამენტს წარუდგენს წინადადებას, რომლითაც გაუქმდება კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში მისთვის მინიჭებული საგანგებო უფლებამოსილებები. ამ განცხადებით 17 მაისს გამოვიდა ორბანის ოფისის ხელმძღვანელი.

უნგრეთის პარლამენტმა, რომელშიც ორბანის პარტია ფიდესი კომფორტულ უმრავლესობას ფლობს, კორონავირუსთან დაკავშირებული კანონი 30 მარტს დაამტკიცა, რითიც ორბანს უფლება მიეცა განუსაზღვრელი ვადით ეხელმძღვანელა ამ კანონით.

მიღების დროს პაკეტს აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ ის არ შეიცავდა კონკრეტულ ვადებს, როდის დასრულდებოდა საგანგებო მდგომარეობა.

ევროკავშირის პარლამენტმა 14 მაისს საგანგებო სხდომა გამართა უნგრეთში კანონის უზენაესობის კუთხით არსებული ვითარების განხილვის მიზნით, სადაც ევროკავშირის ღირებულებების და გამჭვირვალობის კომისარმა, ვერა იუროვამ შეშფოთება გამოთქვა უნგრეთში შექმნილი მდგომარეობის გამო.

"ყოველდღე ვმსჯელობთ, უნდა მივმართოთ თუ არა კანონიერ ზომებს" უნგრეთის წინააღმდეგო, თქვა იუროვამ.

ევროპარლამენტში გამართული დებატების ფონი იყო უნგრეთში გახშირებული დაპატიმრებების შემთხვევები საგანგებო კანონის ფარგლებში, რომლითაც პოტენციური პატიმრობა შემოიღეს ეპიდემიის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელი პირებისთვის.

დებატებს არ მოჰყოლია სავალდებულო ზომების მიღება, თუმცა კონფლიქტი ორბანის მთავრობასა და ევროკავშირს შორის ისედაც გაღრმავებულია მას შემდეგ, რაც ევროპის პარლამენტმა გასულ თვეში, 17 აპრილს შეიმუშავა განცხადება, რომ უნგრეთში შემოღებული ზომები "არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG