Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა უფლებამოსილება ეძლევა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ - ახალი პროექტი


ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ 19 მაისს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაჩქარებული წესით განსახილველად შეიტანენ კანონპროექტს, რომელიც, დეპუტატის შეფასებით, „ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში. ყველა ძირითადი უფლება, რაც აქვს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობისას, გადაეცემა მთავრობას - ადამიანის უფლებების შეზღუდვით დაწყებული, ქონების ჩამორთმევით დამთავრებული. მაგალითად, წაართმევს „აირზენას“ თვითმფრინავს და გამოიყენებს „სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის“, როგორც ეს განაცხადა გახარიამ ორი თვის წინ“.

ბიუროს მიერ მსვლელობის მიცემამდე პროექტები პარლამენტის ვებგვერდზე არ ქვეყნდება. რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას მიაწოდა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომლის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე, დიმიტრი მხეიძე.

პროექტის თანახმად, ფართოვდება საკარანტინო ღონისძიებების განმარტება. ამჟამად მოქმედი კანონით ის აერთიანებს ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში. პროექტით კი მას ემატება ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. საქმე ისაა, რომ კანონით იზოლაციის ან/და კარანტინის წესს, საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სამინისტრო ადგენს.

რადიო თავისუფლება ელაპარაკა პროექტის ერთ-ერთ ავტორს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ლადო კახაძეს. მისი განმარტებით, ცვლილებას საფუძვლად უდევს ეპიდემიოლოგიური სტატუსი ანუ მისი საშიშროება (თუ ამ შემთხვევაში ეს დასტურდება), ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს რეციდივი და რეინფექცია.

„იმ დროს, როდესაც მსოფლიოში არ არის მიგნებული [COVID 19-ის მიმართ] იმუნიტეტის არსებობა, შესაბამისად, ადამიანის დაცვითი ფუნქცია, რომ მას ანტისხეულები გამოუმუშავდება და, შესაბამისად, ვაქცინაც შეიძლება დამზადდეს, ყველგან, მათ შორის, ჩვენთან არსებობს საფრთხე, რომ გაგვირთულდეს მდგომარეობა. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში საჭირო იქნება ისეთი ღონისძიებების გატარება ყველგვარი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ანუ ლოკალურად, სექტორულად, ინდივიდუალურად... მოსალოდნელი გართულებების დროს მართვა იყოს ადეკვატური, ეს არის და სხვა არაფერი ამის უკან არ დგას“, - თქვა კახაძემ და დაამატა, - „ვეკუთვნი სოციალურ მედიკო-ბიოლოგიურ სფეროს, მე ექიმი გახლავართ და როდესაც ერთმანეთთან არგუმენტებით ვალაგებთ, კი არ ვკამათობთ, ხშირად ამბობენ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას. აუცილებლად უნდა გაიხსნას, აბა, ჩვენი გადარჩენა როგორ იქნება, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, ეკონომიკა დარდება ადამიანის სიცოცხლესთან - მედიკო-ბიოლოგიური და ადამიანური ასპექტი. ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინების შემდეგ ის არ გაცოცხლდება. ეკონომიკის სრულად ვარდნის პირობებშიც კი მისი მოდერნიზებისა და ტრანსფორმირების შანსი არსებობს. ფორსმაჟორული მართვის ერთ-ერთი საშუალებაა ოპერატიულად, დროზე, იმ გამოცდილებით, რაც მსოფლიომ დააგროვა და თავის დროზე ვერ გაითვალისწინეს მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, „ისპანკამ“ მეორე ტალღისას უფრო მეტი შეიწირა და მესამე ტალღამ უფრო უარესი გააკეთა, ჩვენ ეს გამოცდილება უნდა გავიზიაროთ და მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ მიზანს, რომ ჩვენი საზოგადოება ფიზიკურად ჯანსაღი და ეკონომიკურად აღორძინებული იყოს. აქ გვინდა ოპერატიული მართვა“.

პროექტის მიხედვით, ასევე ფართოვდება იზოლაციის განმარტება. ავადმყოფს და ინფიცირებულს ემატება შესაძლო ინფიცირებული პირი, რომელზეც იზოლაცია შეიძლება გავრცელდეს. თავად იზოლაცია ნიშნავს ამ პირთა განცალკევებას სხვა ადამიანებისაგან დაავადების გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში, ისეთ ადგილას ან/და ისეთ პირობებში, რომელიც (რომლებიც) შეზღუდავს ან გამორიცხავს მისგან ამ დაავადების პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით სხვა ადამიანზე გადადებას.

პროექტის განმარტებით ბარათში ავტორები განმარტავენ, რამ განაპირობა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის აუცილებლობა. „იმისათვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ, კორონავირუსის მასობრივ გავრცელებასთან დაკავშირებული გამოწვევების გათვალისწინებით, პროცესები უმართავი არ გახდეს და საქართველოს მთავრობასა და სხვა შესაბამის უწყებებს კვლავ ჰქონდეთ შესაძლებლობა, საჭირო ღონისძიებები სათანადოდ განახორციელონ, აუცილებელია, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმები დროულად იქნეს მიღებული და ამოქმედებული“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მიღების შემთხვევაში საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა 2020 წლის 23 მაისს, რაც ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG