Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში იმსჯელებენ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ბრიუსელში, დღევანდელ სხდომაზე განიხილავს ანგარიშს საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ.

ანგარიშის ავტორია საქართველოს საკითხებზე მუდმივი მომხსენებელი, ესტონელი ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი. ანგარიშს ეფუძნება რეზოლუციის პროექტი. მასში ცვლილებების შეტანის ვადა 20 მაისს იწურება. წინასწარი ინფორმაციით, ევროპარლამენტის სხდომაზე რეზოლუციის პროექტს ივლისში განიხილავენ.

საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის მიმოხილვაში აღნიშნულია საქართველოს პროგრესი რეფორმებისა და კანონმდებლობის დახვეწის კუთხით და ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების სახით. თუმცა, როგორც ანგარიში, ასევე რეზოლუციის პროექტი ასახავს არაერთ პრობლემურ საკითხს.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული იმ საქმეების გამო, რომლებმაც ხელი შეუწყეს უნდობლობის გაზრდასა და დაძაბულობის გამწვავებას მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სამართლიანი სამართალწარმოების უმაღლეს სტანდარტებს, ასოცირების შეთანხმების შესაბამისად;

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს, გადახედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებს, რათა ნებისმიერ ახალ დანიშვნამდე უზრუნველყოფილი იყოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება;

ევროპარლამენტი წუხილს გამოხატავს იმის გამო, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურას სერიოზული ნაკლოვანებები ჰქონდა.

ბოლო ხანს, ევროპარლამენტის არაერთმა წევრმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების გამო. ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუას პოლიტპატიმრებიც კი უწოდა.

უგულავამ და ოქრუაშვილმა საპატიმრო 15 მაისს დატოვეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG