Accessibility links

ტრამპი მალარიის წამალს იღებს, მიუხედავად მკვლევრების დასკვნებისა, რომ ის არ არის ეფექტიანი კორონავირუსთან ბრძოლაში


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ იღებს მალარიის წამალს სიმპტომების დასაძლევად იმ შემთხვევისთვის, თუ კორონავირუსი შეეყარა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის დადასტურებული პრეპარატის უსაფრთხოება და COVID-19-თან ბრძოლაში ეფექტიანობა.

ტრამპმა 18 მაისს განაცხადა, რომ იღებს ჰიდროქსიქლოროქინს და ცინკის დამატებას ყოველდღე ბოლო კვირა-ნახევარია და არავითარი თანმდევი ეფექტი არ უგრძვნია.

მან უარყო ცნობები თანმდევი ეფექტების თაობაზე და თქვა, „რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ კარგად ვარო“. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში ერთხელ გადის ტესტირებას.

პრეზიდენტის ჯანმრთელობის გარშემო განსაკუთრებული ზრუნვა გახდა საჭირო მას მერე, რაც დადგინდა, რომ ინფექცია აღმოაჩნდა მის პირად თანაშემწეს, ასევე ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანს.

ტრამპის პირადმა ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ მას ტრამპთან არაერთი საუბარი ჰქონდა ჰიდროქსიქლოროქინის გარშემო და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოიხმარონ ის მას მერე, რაც ვირუსი თეთრი სახლის თანამშრომლებს შორის გაჩნდა. „გადავწყვიტეთ, რომ პოტენციური სარგებელი ამ მკურნალობისა გადაწონის შესაძლებელ თანმდევ ეფექტებს“, თქვა კონლიმ და დასძინა, რომ პრეზიდენტის ტესტირება უარყოფით შედეგს იძლევა და ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.

ახლახან ნიუ-იორკში ჩატარებული ორი კვლევის თანახმად, როცა დააკვირდნენ 1400 პაციენტს, ჰიდროქსიქლოროქინს სარგებელი არ მოაქვს, რაც ასევე დაადასტურა საფრანგეთსა და ჩინეთში ჩატარებულმა კვლევებმა.

18 მაისს აშშ-ის ბიოტექნოლოგიური ფირმის, მოდენას მიერ გავრცელდა ვაქცინის შექმნის შესახებ იმედისმომცემი ცნობა. COVID-19-ის ვაქცინის კვლევისას ცდა ჩაატარეს ჯანსაღ მოხალისეებზე, რომლებსაც დამცველი ანტისხეულები აღმოუჩინეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG