Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიმიტრი ხუნდაძე: ცვლილების შემდეგ აღარ იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება


„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ემსახურება იმას, რომ მთავრობას ექნება უფლებამოსილება, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც შეინარჩუნოს გარკვეული შეზღუდვები“, - განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე,

მისი სიტყვებით, 22 მაისს შეწყდება საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ეპიდვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გარეშე.

ამისთვის, მისი სიტყებით, აუცილებელია დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები,

„საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინე სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში კლინიკების და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანპორტის რეგულირება, პრევენციური ღონისძიებებისთვის აუცილებელი ვალდებულებების შემოღება, მაგალითად, პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და სხვა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ,

მისი თქმით, ეს ცვლილებები დღეს ბიუროს წარედგინება და საკომიტეტო განხილვების შემდეგ სესიაზე გავა. კანონპროექტის მიღების შემდეგ აღარ იქნება საჭირო საგანგებო მდგომარეობის კვლავ გამოცხადება და პარლამენტში მისი მხარდაჭერა

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმება გვაძლეს შესაძლებლობას, ხელი არ შეეშალოს საკონსტიტუციო ცვლილების პროცესს“,- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კითხვაზე, ამ ცვლილებების შემდგომ ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ მთავრობას უფლებამოსილება გაეზარდოს ისე, რომ პარლამენტს მასზე კონტროლის მექანიზმები არ ჰქონდეს, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა, რომ ასეთი მოსაზრება მცდარია, ვინაიდან ეს ცვლილება მხოლოდ პარლამენტის მხარდაჭერის საფუძველზე მიიღება და ამ კანონპროექტის მიღებით, პარლამენტი თავის საზედამხედველო ფუნქციას არ წყვეტს.

„საკანონმდებლო ინიციატივაში მკაფიოდ არის განსაზღვრული რეგულაციების მოქმედების პირობები“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კანონპროექტი ფაქტობრივად აუქმებს პარლამენტის როლს საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ყველა ძირითადი უფლება, რაც აქვს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობისას, გადაეცემა მთავრობას.

პროექტის თანახმად, ფართოვდება საკარანტინო ღონისძიებების განმარტება და სხვა.

მიღების შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილება ძალაში შევა 2020 წლის 23 მაისს, რაც ემთხვევა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების დროს.

ასევე ნახეთ: რა უფლებამოსილება ეძლევა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ - ახალი პროექტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG