Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: შეზღუდვები ერთბაშად და სწრაფად ვერ მოიხსნება


საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ერთბაშად და სწრაფად ვერ მოიხსნება.

წინანდალში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გიორგი გახარიამ თქვა, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და გააზრებული.

„ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდთან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია. ამის გარეშე ვერანაირი ტურიზმი ვერ იქნება და არანაირი სტუმარი არ ჩამოვა. პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო, მწვანე და ამის შემდგომ შეგვიძლია უკვე ყველაფერზე ვილაპარაკოთ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ტურიზმის განვითარებას იწყებს რეგიონებიდან და არა, მაგალითად, თბილისიდან, რადგან დედაქალაქში სხვა რისკებია და მათი მართვა უფრო რთულია.

გიორგი გახარიას ინფორმაციით, უცხოეთში თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას ადგილზე, რათა გაავრცელოს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს ტურისტების ნაკადი, მიიღოს სტუმრები და გათვალოს რისკების მენეჯმენტი.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უნდა შევეგუოთ, რომ წელს საქართველო შარშანდელივით ბევრ ტურისტს ვერ მიიღებს, მაგრამ უნდა გაძლიერდეს კონკურენტული უპირატესობა: „ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, რვაათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს და მართავს ვირუსის რისკებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG