Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: ვერც ერთი კომპანია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებს


რა ირანულ ნავთობზეა საუბარი, წარმოდგენა არ მაქვს, ვერანაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება. ერთადერთი ამ წერილიდან ფაქტი რაც არის, არის კონკრეტული კომპანია, რომელიც კონკრეტული საარბიტრაჟო პროცესის შედეგად კონკრეტულ არბიტრაჟში დამარცხდა, საბოლოოდ, ეს არის ამ ყველაფრის უკან. ვერანაირი, თუნდაც საერთაშორისო, ან ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან დარეგისტრირებული კომპანიები, რომლებთანაც არბიტრაჟში ჩვენ დავა უკვე მოვიგეთ, ვერც ერთ შემთხვევაში ქვეყნებს შორის სტრატეგიულ ურთიერთობებს რისკის ქვეშ ვერ დააყენებენ, ვერც თუნდაც ეს შიდა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და ოპოზიცია, ამის გამოყენება რანაირადაც არ უნდა ცადონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. კითხვა შეეხებოდა ამერიკელი კონგრესმენებისა და სენატორების წერილს, რომელიც მათ აშშ-ის სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს, მაიკ პომპეოსა და სტივ მნუჩინს მისწერეს.

პრემიერ-მინისტრის სიტყვებით, ევროატლანტიკური მიმართულებით საქართველოს თანამშრომლობა დასავლეთთან ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა.

„ჩვენ დღეს ავღანეთში ვართ წარმოდგენილი ისე, როგორც არ არის წარმოდგენილი დასავლეთევროპული და დასავლეთის არც ერთი ქვეყანა, ჩვენი ზომის. შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობა სისტემურად ამ ფუნდამენტზე ყალიბდება და არა ამ პოლიტიკურად ანგაჟირებული ლობისტების წერილებზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ სტრატეგიული პარტნიორის ინტერესების გათვალისწინებით.

„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად 2013 წლიდან ირანისთვის სანქციების დაწესების პირობებში გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები, სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და ინტერესების გათვალისწინებით და მაშინ უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ თქვენ, როდესაც მე კითხვას მისვამთ და დათვალოთ - რამდენი ანგარიში იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა, მთავრობამ და ა.შ. და ამ ჭორებს თავი უნდა დაანებოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებას, ისევე როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატოსთან თანამშრომლობას და მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში, კითხვის ქვეშ ვერაფერი დააყენებს.

„საქართველოს მოქალაქეების 70 %-ზე მეტის ერთსულოვანი გადაწყვეტილებაა, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ეს ქვეყანა და დღევანდელი მთავრობა ამისთვის აკეთებს ყველაზე მეტს, ვიდრე აქამდე გაკეთებულა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რესპუბლიკელი სენატორები, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი, კონგრესმენები ჯუდი არინგტონი და მარკვეინ მალინი, აშშ-ის სახელმწიფო და ხაზინის მდივნებს მაიკ პომპეოსა და სტივ მნუჩინს საქართველოში ამერიკული ბიზნესის დაცვასა და ივანიშვილის რუსეთსა და ირანთან კავშირების შეფასებას სთხოვდნენ.

15 მაისით დათარიღებულ წერილში, რომელიც სენატორმა კრუზმა გამოაქვეყნა, ისინი წერდნენ, რომ შეშფოთებული არიან საქართველოში მმართველობის პრობლემების, კერძოდ, „ამერიკის მეტოქეებსა და მტრებთან, მათ შორის, ირანთან საქართველოს უკანონო ფინანსური კავშირების“ გამო, რაც საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და ბიზნესის ინტერესებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG