Accessibility links

საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ამანათების გაგზავნა განახლდა


საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი.

დღეიდან, 20 მაისიდან განახლდა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისათვის ამანათების გაგზავნა. მათ შორის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების და საკვები პროდუქტების.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უვნებელი ხსნარით დეზინფექციას გაუკეთებენ ყველა ნივთს, გარდა საკვები პროდუქტებისა.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დეზინფექციას გარკვეული დრო სჭირდება, ამიტომ დაწესებულებისთვის გზავნილის მიწოდების მომენტიდან პატიმრისთვის ჩაბარებას შესაძლოა, ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო დასჭირდეს.

კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 5 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის და განსაკუთრებული პირადი გარემოებების გამო დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ეს აკრძალვები ისევ ძალაშია.

5 მარტიდან იყო აკრძალული ამანათების გაგზავნაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG