Accessibility links

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო: პანდემიის დროს კორუფციის რისკები გაზრდილია


საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აცხადებს, რომ ისეთი რისკების დროს, როგორიც პანდემიაა კორუფციის რისკები იზრდება. ორგანიზაცია რამდენიმე რეკომენდაციას ავრცელებს.

"ასეთ ვითარებაში მთავრობის ძალაუფლების ზრდას თან ახლავს საფრთხე, რომ ეს ძალაუფლება ცალკეული პირების ან ჯგუფების კერძო ინტერესების სასარგებლოდ იქნება გამოყენებული", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ დროს მნიშვნელოვანი შემდეგი გარემოებების გათვალისწინება:

  • შეზღუდვა იყოს საფრთხეების პროპორციული და გამომდინარეობდეს მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებებიდან. გარდა ამისა, კანონი შერჩევითად არ აღსრულდეს;
  • თუ გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს, შესყიდვები ტენდერების დახმარებით მოხდეს;
  • პარლამენტმა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სათანადოდ აკონტროლონ მთავრობის საქმიანობა და ეპიდემიასთან გასამკლავებლად გამოყოფილი თანხების ხარჯვა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს საპარლამენტო ოპოზიციის ჩართულობა კრიზისის დაძლევის ღონისძიებათა დაგეგმვის და მათი განხორციელების ზედამხედველობის საკითხებში;
  • მთავრობამ უზრუნველყოს თავისი საქმიანობისა და ხარჯების მაქსიმალური გამჭვირვალობა, პერიოდულად გამოაქვეყნოს დეტალური ანგარიშები ეპიდემიასთან ბრძოლის ღონისძიებებისა და სოციალური და ეკონომიკური დახმარების პროგრამების განხორციელების შესახებ. სოციალური და ეკონომიკური დახმარების განაწილება იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი, არ ემსახურებოდეს მმართველი პარტიის საარჩევნო მიზნებს;
  • საჯარო უწყებების შიდა მაკონტროლებელმა ორგანოებმა მაქსიმალურად იზრუნონ კორუფციის შემთხვევების გამოვლენასა და პრევენციაზე;
  • სამართალდამცავმა უწყებებმა ყურადღებით შეისწავლონ ნებისმიერი ინფორმაცია კორუფციის შესაძლო შემთხვევების შესახებ.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა და 22 მაისამდე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში დაწესდა მკაცრი შეზღუდვები და შესყიდვების ნაწილი ტენდერის გარეშე განხორციელდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG