Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომიტეტმა მოიწონა პროექტი, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობის უფლებამოსილება იზრდება


პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და პარლამენტის მხარდაჭერით.

კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა ფრაქცია „დამოუკიდბელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი განსაზღვრავს ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით, თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის, შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას.

დაგეგმილ ცვლილებას უარყოფითად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაციები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, „პანდემიასთან ბრძოლის მიზეზით გაუმართლებელია არაკონსტიტუცური კანონების მიღება, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიასა და მთავრობის უფლებამოსილების გაზრდის ხარჯზე აკნინებს პარლამენტის როლს”.

კანონპროექტის ინიციატორები არიან: საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ლადო კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG