Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მთავრობას მოკლევადიანი შეზღუდვების დაწესების უფლება უნდა ჰქონდეს


„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე. მას მიაჩნია, რომ მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეული შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს.

„ახლა რაზეც დიდი მსჯელობაა, მე ამას არ მივყვები, პარლამენტში რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში უფრო დეტალურად გაიწეროს ის, რომ მეტი მოქნილობა მიეცეს და მეტი ოპერატიულობა აი მთავრობას და მთავრობის მიერ დელეგირებულ სამინისტროს, რომ მიიღოს ხოლმე მოკლევადიანი გადაწყვეტილებები, იმიტომ, რომ ყოველთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მთელს ტერიტორიაზე ვერ გამოცხადდება. ეს ძალიან ბევრ მძიმე შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობას უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გარკვეული მოკლევადიანი შემზღუდველი ღონისძიებები დააწესოს. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ნაკლებად შემოვიდეს ინფექცია დასენიანებული ადგილებიდან დღეის მდგომაროებით „მწვანე“ რეგიონებში და თავიდან ავიცილოთ ფართომასშტაბიანი ეპიდემია ხოლმე. ამის რისკი არსებობს, მაგრამ ყოველთვის მისი მინიმიზაცია უნდა გავაკეთოთ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებით“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და პარლამენტის მხარდაჭერით.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG