Accessibility links

კობახიძე: გვაქვს 3 ვარიანტი - საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ ვირუსი ან მივიღოთ კანონი


საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განმარტა, რატომ არის საჭირო „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა. მისი თქმით, ცვლილება იმოქმედებს მხოლოდ ეპიდემიის პირობებში და როგორც კი ის დასრულდება, აქტუალობას დაკარგავს ნორმები, რომლებსაც პარლამენტი იღებს. „ჩვენ გვაქვს სამი ვარიანტი - გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, მივუშვათ ვირუსი, მესამე - ამ კანონის მიღება. მოდით მოვუწოდოთ ოპოზიციას აირჩიოს ერთ-ერთი ამ სამიდან, რადგან მეოთხე არ არსებობს“, - თქვა კობახიძემ და ოპოზიციას მოუწოდა ხვალამდე იფიქროს და რომელიმე აირჩიოს.

უშუალოდ კანონპროექტიდან ირაკლი კობახიძე ორი ძირითადი ასპექტს გამოყოფს. „პირველი, ეს არის ადამიანის უფლებებთან შესაბამისობა - ნებისმიერი სამართლებრივი აქტი, კანონი და კანონქვემდებარე აქტი საქართველოს კონსტიტუციას და პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის მეორე თავის დებულებებს უნდა შეესაბამებოდეს. რა თქმა უნდა, მთავარი გარანტი ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისა და იმისა, რომ არ შეიძლება ჭარბად შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები, არის კონსტიტუციის მეორე თავი. მაგალითად, როდესაც შეიზღუდება მიმოსვლის თავისუფლება ამ კანონის საფუძველზე კანონის მიერ, ბუნებრივია, იმოქმედებს კონსტიტუციის მეორე თავის დებულებები, რომელიც უკავშირდება მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვას. ამ ჩარჩოს მთავრობა, ბუნებრივია, ვერავითარ შემთვევაში ვერ გაცდება. იგივე ეხება ნებისმიერი სხვა ადამიანის ძირითად უფლებას. ასევე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება არის შეზღუდული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით, ბუნებრივია, ესეც იქნება, ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი.

გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ზოგადი პრინციპები ასახული კონსტიტუციის მეორე თავში - ეს არის თანაზომიერების, სამართლებრივი უსაფრთხოების პრინციპი. ამაზე მინიშნებას შეიცავდა ომბუდსმენის შენიშვნები, რა თქმა უნდა, ეს პრინციპები ისედაც მოქმედებს ჩვენი ახალი კონსტიტუციით და ესეც არის ჩვენი ახალი კონსტიტუციის ერთ-ერთი სიახლე. თუმცა კომიტეტმა უკვე გაიზიარა ომბუდსმენის მთავარი პრინციპული შენიშვნები და ეს პრინციპები უკვე ასახულია კანონპროექტში. ე.წ. სამწვეროვანი ტესტის სახით. ყველაფერი ნათელია ადამიანის ძირითადი უფლებების ნაწილში, რომლის ჭარბად შეზღუდვას არავინ აპირებს“, - განმარტა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

რაც შეეხება საპარლამენტო ზედამხედველობას, როგორც კობახიძე აღნიშნავს, ნარჩუნდება ყველა ის ბერკეტი, რომელიც აქვს საქართველოს პარლამენტს მინიჭებული კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და სხვა სამართლებრივი აქტებით. ამასთან, კობახიძის თქმით, ხელისუფლების დანაწილების პრინციპის თანახმად, პარლამენტს არ აქვს არავითარი უფლება ჩაერიოს აღსრულებაში. მისი შეფასებით, ეს იქნებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა. „ამ საკითხს აყენებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ნაწილშიც ისინი ვერ ერკვევიან ხელისუფლების დანაწილების პრინციპში“, - აღნიშნავს კობახიძე და ამატებს, - „ნორმაშემოქმედება უნდა იყოს გამიჯნული იმ პრინციპიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ხელისუფლების დანაწილება. დაუშვებელია გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობისა, რომ მთავრობის ნორმატიულ აქტს პარლამენტი თავისი ნორმატიული აქტით“.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებების პროექტის თანახმად. აღმასრულებელ ორგანოს უფლება ექნება, პარლამენტის თანხმობის გარეშე შეზღუდოს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, რომლებიც იზღუდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის არსებობის პირობებში და პარლამენტის მხარდაჭერით.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG