Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: გუშინ  გაგვეხსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ოპოზიციამ გუშინ ხელისუფლების მისამართით გახსნა ახალი პოლიტიკური ფრონტი, რომელსაც პოლიტიკური მასკარადის სახე აქვს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მთავრობას შეზღუდვების გაგრძელებაში ვერავინ შეუშლის ხელს:

„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი- პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რომ რა თქმა უნდა ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა იმისთვის რომ მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში იზრუნონ ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოჰყვება გარკვეული შემსუბუქებები“, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მისგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტით, მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური პარლამენტის მიერ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეძლებენ შეზღუდონ თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციებს და ხელყოფს პარლამენტის, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი ინსტიტუტის უფლებებს.

21 მაისის სხდომაზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გამოთქვა ინიციატივა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ და აიღონ ვადა მაგალითად, 15 ივლისამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG