Accessibility links

ამირან გამყრელიძე: გარკვეული შეზღუდვები ისევ დაგვჭირდება


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველოს, ზოგიერთ შემთხვევაში, მოუწევს მკაცრი შეზღუდვების გამეორება.

მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემია კარგახანს არ დასრულდება, კორონავირუსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ და დიდხანს მოგვიწევს რეკომენდაციების დაცვა და, ზოგიერთ შემთხვევაში, მკაცრი შეზღუდვების გამეორება.

ამირან გამყრელიძის თქმით, ზაფხულისთვის სიტუაცია შესაძლოა დამშვიდდეს, მაგრამ მსოფლიოს მეცნიერების უმრავლესობა ემხრობა აზრს, რომ იქნება მეორე ტალღა და შესაძლოა, მესამეც. ამიტომ, საქართველოს ისევ დასჭირდება ამა თუ იმ ადგილის გარკვეული დროით ჩაკეტვა, კარანტინის გამოცხადება, სწავლის დროებით შეჩერება, ზოგიერთ ქვეყანასთან საზღვრის ჩაკეტვა და ავიამიმოსვლის აკრძალვა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ასეთ ზომებს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო იღებს, რადგან, სანამ შეიქმნება ვაქცინა და გაჩნდება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც ამ კორონავირუსს მოკლავს, დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი იარაღი შეზღუდვებია.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, დიდწილად, სწორედ დროული შემზღუდავი ზომების შედეგია ის, რომ საქართველოში ფართომასშტაბიანი ეპიდემია არ გვაქვს.

22 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია სულ 723 შემთხვევა. მათგან 495 უკვე გამოჯანმრთელდა, 12 გარდაიცვალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG