Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა არ აპირებს მონაწილეობას ყირიმის თაობაზე დაგეგმილ გაეროს კონფერენციაში


უკრაინის წარმომადგენლები არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას ყირიმის საკითხზე მოსკოვის მიერ ორგანიზებულ გაეროს უშიშროების საბჭოს კონფერენციაში. ამის შესახებ რადიო თვისუფლების საიტი „ყირიმ. რეალიი“ იუწყება, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან ეკატერინე ზელენკოზე დაყრდნობით.

გაეროს არაფორმალური ვიდეოკონფერენციის შესახებ ინფორმაცია 21 მაისს დააანონსა გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ.

„უკრაინის მხარე არ მიიღებს მონაწილეობას ამ ფარსში. რუსეთი აპირებს ილაპარაკოს ვითომ სიმართლე ყირიმის ნახევარკუნძულზე შექმნილი ვითარების თაობაზე, მაგრამ მიუხედავად რუსეთის მხარის მტკიცებულებისა, იგი არ უშვებს ყირიმში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს, მათ შორის, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობას“, - აცხადებს ეკატერინე ზელენკო.

2014 წლის თებერვალში, უკრაინიდან ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის განდევნის შემდეგ, ყირიმში გამოჩნდნენ რუსი სამხედროები „მწვანე კაცუნები“, რომლებმაც კონტროლი დაამყარეს ყველა სამხედრო და ადმინისტრაციულ ობიექტზე.

2014 წლის 16 მარტს ყირიმისა და სევასტოპოლის ტერიტორიებზე ჩატარდა საერთაშორისო სამყაროს მიერ უკანონოდ ცნობილი რეფერენდუმი ნახევარკუნძულის პოლიტიკური სტატუსის შესახებ, რასაც მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინული ტერიტორიის თავის შემადგენლობაში მიღება.

აშშ-მა, ევროკავშირმა და მსოფლიო სხვა ქვეყნებმა ყირიმი ცნეს რუსეთის მიერ ანექსირებულად და მოსკოვს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG