Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორ კოსოვოელ ქალს ბრალი წაუყენეს სირიაში, ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის


კოსოვო: მეჩეთი ლიპჯანიში
კოსოვო: მეჩეთი ლიპჯანიში

კოსოვოს პროკურატურამ ბრალად წაუყენა ტერორიზმი ორ ქალს, რომლებიც, სავარაუდოდ, სირიაში ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდნენ.

კოსოვოს საგანგებო პროკურატურამ განაცხადა 22 მაისს, რომ ორი ქალი, ა.ა. და ლ.ი., რომელთა მხოლოდ ინიციალები გავრცელდა, გაემგზავრნენ სირიაში, რათა „ნებაყოფლობით გაწევრიანებულიყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციაში და ლოგისტიკური მომსახურება გაეწიათ „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებისთვის“.

ისინი სირიის სხვადასხვა არეალში მოძრაობდნენ, „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ტერიტორიის ცვლის შესაბამისად.

„ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შემდეგ, ისინი ხელში ჩაუვარდნენ ქურთულ ძალებს და დეპორტირებულ იქნენ კოსოვოში 24 აპრილს, აშშ-ის არმიის დახმარებით, იტყობინება პროკურატურა.

ეჭვმიტანილებს ემუქრებათ 15-წლიანი პატიმრობა „ტერორისტული ჯგუფის ორგანიზებისა და მის მუშაობაში მონაწილეობისთვის“.

კიდევ ერთ კოსოვოელ ქალს წაუყენეს ანალოგიური ბრალი მაისის დასაწყისში. ის მათ შორის იყო, ვინც სირიიდან ჩაიყვანეს სამშობლოში შარშან, 19 აპრილს. ამ 110 კოსოვოელს შორის, დიდი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მეომარი იყო, 32 ქალი და 74 ბავშვი.

სავარაუდოდ, სულ, 400 კოსოვოელი გაერთიანდა „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სირიასა და ერაყში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG