Accessibility links

ნატოს ავიაციამ შარშან 300-ჯერ გადაუჭრა გზა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს


ნატოს ავიაციამ შარშან დაახლოებით სამასჯერ გადაუჭრა გზა მოკავშირე ქვეყნების საჰაერო სივრცესთან მიახლოებულ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს. ამის შესახებ ალიანსის ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა ნატოსა და რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს შორის მზარდი სამანევრო ინციდენტების ფონზე.

ნატოს წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით აცნობა რადიო თავისუფლების ბულგარულ სამსახურს, რომ 2014 წლიდან მოყოლებული, ანუ რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის სამხედრო ავიაცია საგრძნობლად გააქტიურდა შავი ზღვის რეგიონსა და ევროპის სხვა ნაწილებში.

„2019 წელს მოკავშირეთა ავიაციას მთელი ევროპის მასშტაბით 290 წელს მოუხდა ჰაერში ასვლა, რათა გზა გადაეჭრათ და მოეგერიებინათ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები“, - ნათქვამია ინკოგნიტო ნატოელი მოხელის შეტყობინებაში.

მანამდე, ამ კვირის დასაწყისში, შავი ზღვის აუზის ნატოს სამი წევრის - ბულგარეთის, რუმინეთისა და თურქეთის - სამხედრო თვითმფრინავებს განგაშზე მოუხდათ ერთობლივი მანევრის ჩატარება მათი საერთო საჰაერო სივრცის მახლობლად, რადარების მიერ დაფიქსირებული ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავისთვის გზის მოსაჭრელად.

ლაპარაკია რუსეთის სტრატეგიულ ბომბდამშენ Ту-22-სა და ორ გამანადგურებელ Су-27-კლასის თვითმფრინავებზე, რომლებიც შავი ზღვის დასავლეთ ფლანგზე დაფრინავდნენ სადაზვერვო მიზნით.

„ისინი ამას აკეთებენ რეგულარულად. ამოწმებენ ჩვენს შესაძლებლობას და სურთ იცოდნენ, თუ როგორი იქნება ჩვენი რეაქცია, რამდენად სწრაფად შეგვიძლია რადარებით მათი აღმოჩენა და გზაგადამჭრელი თვითმფრინავების გაგზავნა“, - განაცხადა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრმა, კრასიმირ კარაკაჩანოვმა.

ბულგარეთის სამხედრო უწყების თანახმად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ინციდენტის გარეშე დაბრუნდნენ რუსეთის საჰაერო სივრცეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG