Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ რუსეთის „გახლეჩას“ ცდილობს


ვიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა 24 მაისს განაცხადა, რომ აშშ რუსეთის დესტაბილიზაციას და საბოლოო ჯამში მის „გახლეჩას“ ესწრაფვის. რუსმა პოლიტიკოსმა ამის დასტურად მოიყვანა „კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარებისა“ და „რუსეთის ხელისუფლების რეიტინგის“ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება.

„აშშ-ის თავდასხმები მიმართულია უშუალოდ პრეზიდენტის, ხელისუფლების საკვანძო ინსტიტუტების, წამყვანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რათა დაასუსტოს ისინი და შეარყიოს მათ მიმართ ნდობა“, - განაცხადა ვოლოდინმა.

ვიაჩესლავ ვოლოდინს, რუსეთის პრეზიდენტის ერთ-ერთ უაპელაციო მხარდამჭერს, ეკუთვნის ცნობილი გამოთქმა: „არის პუტინი - არის რუსეთი“ .

ბოლო ხანს რუსეთის ხელისუფლება სულ უფრო ხშირად გამოთქვამს პრეტენზიებს ამერიკული მედიის მისამართით.

ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში რუსეთის საელჩო სააგენტო „ბლუმბერგისგან“ ითხოვს ბოდიშის მოხდას სტატიისათვის, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგის ვარდნის შესახებ. ამასთან, ეს ცნობა „ბლუმბერგმა“ სრულიად რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის (ВЦИОМ) საიტიდან აიღო.

მანამდე, მაისის შუა რიცხვებში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღაშფოთა „ფაინენშელ ტაიმსსა“ და „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულმა სტატიებმა, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკაზე 70%-ით მეტია.

აშშ-ის ხელისუფლებას არასოდეს გაუკეთებია კომენტარი არც რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგსა და არც რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ ზომებზე.

აშშ-ის ხელისუფლებამ ამ კვირაში უსასყიდლოდ გაუგზავნა რუსეთის ფედერაციას ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რამდენიმე ათული აპარატი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG