Accessibility links

საია: 20-21 ივნისს დაშავებული 23 პირი ისევ დაზარალებულის სტატუსის გარეშეა


საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“(საია) იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს, 25 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს და დაზარალებულებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

საია განმარტავს, რომ დაზარალებულის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების გარეშე, ეს პირები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, ეფექტიანად იყვნენ ჩართულნი სამართალწარმოების პროცესში, გაეცნონ საქმის მასალებს და გააკონტროლონ, რამდენად ქმედითია ნაბიჯები, რასაც პროკურატურა საქმის დროული გამოძიებისათვის დგამს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი თითქმის ერთი წელია იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს, აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.

საია-მ 2019 წელსაც მოითხოვა დაშავებული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და უარი ძირითადად, იმით ახსნეს, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისთვის არ იყო ცნობილი დაზიანებებთან დაკავშირებული ექსპერტიზის შედეგები. მოგვიანებით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, როგორც საია აცხადებს, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

საია-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, პროკურატურა 23 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ „ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს.“

საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია: „მოქმედი კანონმდებლობა ცალსახად ადგენს დაზარალებულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს, რომლის თანახმად, დაზარალებულად მიიჩნევა პირი, რომელსაც დანაშაულის შედეგად მიადგა მორალური, ფიზიკური თუ ქონებრივი ზიანი. შესაბამისად, როდესაც დგინდება, რომ დანაშაულებრივმა ქმედებამ გამოიწვია რაიმე ტიპის ზიანი, პროკურორი ვალდებულია, პირს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს, მიუხედავად იმისა, უკვე იდენტიფიცირებულია თუ არა დანაშაულის ჩამდენი პირი“.

საია-ს განმარტებით, 20-21 ივნისის საქმეებზე ცალსახად დგინდება, რომ დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები რეზინის ტყვიის უკანონო გამოყენების შედეგად მიიღო, მათ შორის, რეზინის ტყვიები გამოყენებული იყო ჟურნალისტების მიმართ, რომლებიც შემთხვევის ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად იმყოფებოდნენ. საია-ს ინფორმაციით, დაზარალებულთა ნაწილმა დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც პოლიციის ეფექტური კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ: „ყველა ჩამოთვლილი შემთხვევა შეიცავს დანაშაულის აშკარა ნიშნებს და ქმნის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების წინაპირობებს“.

საია-ს იმედი აქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ სტატუსი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეები იმ ფაქტს აპროტესტებდნენ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მისმა თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პარლამენტის შენობაში ძალით შეჭრა სცადა, სპეცრაზმებლებმა აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. ზოგიერთმა თვალი დაკარგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG