Accessibility links

ქართველი მეზღვაურები შეძლებენ დასაქმდნენ დიდი ბრიტანეთის გემებზე


საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, საქართველოს და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოს შორის ხელი მოეწერა მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც ქართველ მეზღვაურებს უფლება მიეცათ, დასაქმდნენ დიდი ბრიტანეთის გემებზე. სააგენტოს თანახმად, ქართველი მეზღვაურების აღიარება კერძო სექტორისთვის არის დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა:

„საკრუინგო კომპანიებს და ქართველ მეზღვაურებს გაეხსნათ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო დასაქმების ბაზარი. ამ აღიარებით დასაქმებისთვის იხსნება ისეთი მსხვილი დროშებიც, როგორებიცაა: კაიმანი, მენის კუნძულები, გიბრალტარი და ბრიტანეთის სხვა დამოკიდებული ტერიტორიები. ამავდროულად დიდი ბრიტანეთის აღიარება საქართველოს საზღვაო განათლების და სერტიფიცირების სისტემისათვის ნდობის გამოცხადებაა, რაც წლების დაუღალავი შრომის შედეგია და ვფიქრობ, რომ ეს ქართული საზღვაო სექტორის მნიშვნელოვანი მიღწევაა საერთაშორისო ასპარეზზე,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს თანახმად, გაერთიანებული სამეფოს დროშების ქვეშ მსოფლიოში სიდიდით მე-18 ადგილზე მყოფი სავაჭრო ფლოტია (Deadweight tonnage basis), რომლის ქვეშ 1300-ზე მეტი გემი დაცურავს. 2018 წლის ბოლოს დროშის საერთო ტევადობა (Gross Tonnage) 16 მილიონი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG