Accessibility links

site logo site logo

კონსერვატორები მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს


საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ კონსერვატორები მხარს დაუჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს. მისი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტი მოქმედ საარჩევნო სისტემაზე უკეთესია და უფრო ნათლად გამოხატავს ხალხის ნებას:

„ძალიან საკვირველია, თუკი მაინც პროპორციული იქნებოდა დომინანტი საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, მაშინ რატომ ჩავარდა წინა საკონსტიტუციო პროექტი და უღირდა კი მმართველ სახელისუფლებო გუნდს იმ ზარალის მიღება, პოლიტიკური ნეგატივების ჩაწერა, რომელიც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში სწორედ იმიტომ მიიღო, რომ მან ჩააგდო მაშინ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილება.

რაც შეეხება ეხლა შემოტანილ საკონსტიტუციო პროექტს, სადაც 120 პლუს 30 ფორმულით დაკომპლექტდება პარლამენტი, კონსერვატორები დავუჭერთ მხარს. და მიგვაჩნია, რომ ეს არის უკეთესი ვერსია, ვიდრე 77 პლუს 73“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კონსერვატიული პარტია არ მონაწილეობს საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხზე ოპოზიციის მიერ შექმნილი გაერთიანების ფორმატში და, შესაბამისად, არ წარმოადგენს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმების ნაწილს. ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ვერსია მისთვის მისაღებია და მხარს დაუჭერს, „მიუხედავად იმისა, თუ რას ითვალისწინებდა ნაციონალებისა და ქართული ოცნების შეთანხმების ეგრეთ წოდებული მეორე პუნქტი“.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ ნოემბერში დატოვეს მას მერე, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG