Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-31 მაისს გაიმართება თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი


მიმდინარე კვირის ბოლოს, 30-31 მაისს თბილისში წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება.

„მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის საშემოდგომოდ გადადება განაპირობა. თუმცა, ფესტივალის ტრადიციულ თარიღებში ქართველი თუ უცხოელი მწერლები, გამომცემლები და მკითხველები ამჯერად ონლაინ სივრცეში შეიკრიბებიან“, - აღნიშნულია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.

თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი ოფიციალურად 30 მაისს, 11:00-ზე გაიხსნება და პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 30 და 31 მაისს 11-დან 20 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუკის გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი - https://cutt.ly/yynpPSx) პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

წიგნის ფესტივალის ორგანიზატორების თანახმად, ვირტუალური ფესტივალი ინარჩუნებს ტრადიციული ფესტივალის შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.

ვირტუალურ ფესტივალზე შენარჩუნებული იქნება ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამის ტრადიციული კონცეფციაც, რომელიც მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა ახალი წიგნების პრეზენტაციები და შეხვედრები ქართველ მწერლებთან; საბავშვო პროგრამა; პროგრამა ფესტივალის ფოკუსქვეყნისა და სხვა უცხოელი მწერლების ჩართულობით; საგამომცემლო-პროფესიული პროგრამა და პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის“.

თბილისის წიგნის ვირტუალურ ფესტივალში 30-მდე გამომცემლობა მიიღებს მონაწილეობას.

2020 წლის თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსქვეყანა თურქეთია, შესაბამისად, წიგნის ვირტუალურ ფესტივალზეც ამ სტატუსით თურქეთი ისარგებლებს და ქართველ მკითხველს თურქი გამომცემლებისა თუ მწერლების მონაწილეობით, რამდენიმე ღონისძიების ფარგლებში წარუდგენს იმ პროგრამას, რომლის მასშტაბურად განხორციელებასაც ისინი შემოდგომაზე თბილისში გეგმავენ.

თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი კი 2020 წლის 24-27 სექტემბერს ჩატარდება

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG