Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ტანკერმა ვენესუელის პორტს მიაღწია ვაშინგტონთან დაძაბულობის ფონზე


საწვავით დატვირთულმა ირანის ტანკერმა ვენესუელის პორტს მიაღწია დაძაბულობის ფონზე ვაშინგტონსა და ორ ქვეყანას შორის, რომელთა მიმართაც აშშ-ს სანქციები აქვს დაწესებული.

25 მაისს ირანის ინგლისურენოვანმა Press TV-მ განაცხადა, რომ ირანის მიერ ვენესუელაში გაგზავნილი ხუთი გემიდან პირველმა, Fortune-მა, მიაღწია ელ-პალიტოს პორტს, რომელსაც სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA მართავს.

ინფორმაცია დაადასტურა გემების გადაადგილების სამეთვალყურეო სამსახურმა MarineTraffic-მა.

მეორე გემი, Forest-ი 23 მაისს შევიდა კარიბის ზღვაში. დანარჩენი სამი გემი ატლანტის ოკეანეში იმყოფება და ვენესუელისკენ მიემართება.

ჯერჯერობით არ მოიპოვება აშშ-ის მხრიდან ჩარევის რაიმე ნიშნები მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ადრე განაცხადა, რომ განიხილავს „ზომებს“ საწვავის ტრანსპორტირების საპასუხოდ. თავის მხრივ, ამას მოჰყვა ირანის გაფრთხილება ვაშინგტონის მისამართით.

ვენესუელის სოციალისტმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მაღალი შეფასება მისცა ირანის სოლიდარობას ვაშინგტონთან დაპირისპირების პირობებში.

როგორც ვარაუდობენ, ირანის გემებს ვენესუელაში გადააქვთ მინიმუმ 1,53 მილიონი ბარელი ბენზინი და ქიმიური დანამატები 45,5 მილონი დოლარის საერთო ღირებულებით. თეირანი ამგვარად ეხმარება ვენესუელას საწვავის დეფიციტთან გამკლავებაში, რაც ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსის ერთ-ერთი ნიშანია ლათინური ამერიკის ერთ დროს უდიდეს ნავთობის მომპოვებელ ქვეყანაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG