Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო კილაძე 20-21 ივნისს დაშავებულებზე: ალბათ მივანიჭებდი დაზარალებულის სტატუსს


საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო კილაძე ამბობს, რომ პროკურატურის ადგილას 20-21 ივნისის ღამეს დაშავებულ პირებს ალბათ მიანიჭებდა დაზარალებულის სტატუსს:

„ალბათ მე მათ ადგილზე მივანიჭებდი დაზარალებულის სტატუსს, თუმცა თუ გაასაჩივრებს საია, ამ შემთხვევაში ჩვენ წინ გვაქვს კონკრეტული პროცედურები და ამ პროცედურების მიხედვით, იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს“, - უთხრა მედიას სოფიო კილაძემ.

საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს, რომელთა ინტერესებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია) იცავს.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს, 25 მაისს გავრცელებული ინფორმაციით, პროკურატურის უარს სასამართლოში გაასაჩივრებს და დაზარალებულებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი თითქმის ერთი წელია იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისს, აქციის მონაწილეთა მიმართ ძალადობით და იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას ეხება.

საია-მ 2019 წელსაც მოითხოვა დაშავებული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს და უარი, ძირითადად, იმით ახსნეს, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისთვის არ იყო ცნობილი დაზიანებებთან დაკავშირებული ექსპერტიზის შედეგები. მოგვიანებით, პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა, თუმცა, როგორც საია აცხადებს, სტატუსის მინიჭების მიუხედავად, საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა არ მიეცათ.

საია-ს თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან თითქმის ერთი წელი გავიდა, პროკურატურა 23 პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ამჯერადაც ექსპერტიზის დასკვნის არარსებობაზე აფუძნებს და განმარტავს, რომ „ცალკე აღებული ჯანმრთელობის დაზიანების მიღების თუნდაც უდავო ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ დაზარალებულად ცნობის ერთადერთ, იმპერიულ საფუძვლად, ვინაიდან ამავდროულად უნდა დადგინდეს, ზიანის გამომწვევი ქმედება წარმოადგენს თუ არა დანაშაულს“.

საია-ს იმედი აქვს, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს წარდგენილ საჩივარს და დაზარალებულ პირებს მიენიჭებათ სტატუსი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საქმის გამოძიება დაზარალებულების სათანადო ჩართულობის და არსებითი ცვლილებების გარეშე გაგრძელდება, საია მათი ინტერესების დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

2019 წლის 20-21 ივნისის აქციის მონაწილეები იმ ფაქტს აპროტესტებდნენ, რომ თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა მისმა თავმჯდომარემ, რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გახსნა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან. სპეცრაზმელების მიერ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად, 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG