Accessibility links

26 მაისს მასშტაბური საზეიმო ღონისძიებები არ გაიმართება


ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, წინა წლებისგან განსხვავებით, მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განმარტებით, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა წელს განსხვავებული ფორმატებით იგეგმება:

„სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინათ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG