Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ სანქციებით იმუქრება მას შემდეგ, რაც ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა აქციაზე


უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა 24 მაისს პეკინი შესაძლო სანქციების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი შეეცდება "ფაქტობრივად დაეპატრონოს ჰონგ-კონგს", იმ ფონზე, როცა ჩინეთის ამ საგანგებო სტატუსის მქონე ტერიტორიაზე პოლიციამ ზეწოლა განახორციელა დემოკრატიის მოსურნე დემონსტრანტებზე.

ჰონგ-კონგის პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გაუშვა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ, რომლებიც აპროტესტებდნენ ჩინეთის გეგმას, ქალაქს პირდაპირ დაუწესოს ეროვნული უსაფრთხოების კანონები. მოგვიანებით პოლიციამ ფეისბუკით დაწერა, რომ 180 დემონსტრანტი დააპატიმრა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, არასანქცირებული შეკრების და საჯარო სივრცეში არამართებული ქცევის ბრალდებებით.

პეკინი 21 მაისს გამოვიდა ინიციატივით ეროვნული უსაფრთხოების კანონის დაწესებაზე, რათა ჰონგ-კონგში მისი სადაზვერვო სააგენტოები განთავსდეს. ამ ნაბიჯით შესაძლოა გაუქმდეს ტერიტორიის საგანგებო სტატუსი და გაღრმავდეს უთანხმოება ჩინეთსა და აშშ-ს შორის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ეს კანონი იქნება "სიკვდილის მომასწავლებელი ავტონომიის იმ მაღალი ხარისხისთვის, რომელსაც პეკინი დაჰპირდა ჰონგ-კონგს".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩეველმა, რობერტ ო'ბრაიენმა 24 მაისს განაცხადა, "როგორც ჩანს, ეროვნული უსაფრთხოების ამ კანონით ისინი, ფაქტობრივად, დაეპატრონებიან ჰონგ-კონგს და ეს თუ მოხდა ... სახელმწიფო მდივანი პომპეო სავარაუდოდ ვერ დაადასტურებს, რომ ჰონგ-კონგი ინარჩუნებს ავტონომიის მაღალ ხარისხს. ამ შემთხვევაში იქნება სანქციები, რომლებიც დაუწესდება ჰონგ-კონგს და ჩინეთს".

ქალაქის მთავრობა მოსახლეობას და უცხოელ ინვესტორებს ამშვიდებს ჩინეთის გეგმის თაობაზე, რომლის გამოც ფინანსურ ბაზრებზე შფოთი აღინიშნა და მწვავე კრიტიკით გამოვიდნენ უცხოეთის მთავრობები, საერთშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ზოგიერთი ბიზნესის ლობისტური კომპანიები.

მაშინ, როცა ჰონგ-კონგში პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ პეკინში განაცხადა, შეთავაზებული კანონი "იოტისოდენა დაყოვნების გარეშე" უნდა ამოქმედდესო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG