Accessibility links

„ნასტოიაშჩეე ვრემიას“ რეპორტაჟის შემდეგ გამოძიება დაიწყო მოსკოვის რეგიონის სახელდახელო საავადმყოფოში


არაზ აგალაროვი

მოსკოვში პროკურორები აცხადებენ, რომ დაიწყეს გამოძიება მას შემდეგ, რაც ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიაზე“ გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ლაპარაკი იყო მედიკამენტების ნაკლებობასა და შრომის სტანდარტების დარღვევაზე კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის აგებულ სახელდახელო საავადმყოფოში, რომელიც აშენდა აზერბაიჯანულ-რუსული წარმომავლობის ცნობილი ბიზნესმენის, არაზ აგალაროვის მონაწილეობით.

მოსკოვის რეგიონის პროკურატურა აცხადებს, რომ იურიდიულად შეფასდება საავადმყოფოში მომუშავე პირების მდგომარეობა. საავადმყოფო აგებულია მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ კრასნოგორსკში, აგალაროვის ექსპოცენტრის ტერიტორიაზე.

განცხადების ფონია "ნასტოიაშჩეე ვრემიას" და საგამოძიებო პროექტ Scanner Project-ის ერთობლივი გამოძიების შედეგები, რომელთა თანახმადაც აგალაროვმა ორ მილიარდამდე რუბლის (28 მილიონი დოლარის) ოდენობის სახელმწიფო კონტრაქტები მოიპოვა ტენდერის გარეშე, ამ საავადმყოფოს ასაგებად.

საავადმყოფოში მომუშავე სამედიცინო პერსონალის ნაწილი, ანონიმურობის შენარჩუნების პირობით, ამბობს, რომ მუშაობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ კვლავაც არ აქვთ გაფორმებული სამუშაო კონტრაქტები და რომ კლინიკას აკლია სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის, ექიმების დამცველი აღჭურვილობა და წამლები პაციენტებისთვის.

ექიმებმა ტელეარხს უთხრეს, რომ პირველ ეტაპზე მათ 250,000 რუბლის (3,500 დოლარის) გადახდას დაჰპირდნენ 36-საათიანი სამუშაო კვირისთვის, თუმცა შემდეგ ეს დაპირება 72 სამუშაო საათით შეიცვალა.

ექიმების თქმით, მათ კომპენსაციის კიდევ უფრო შემცირებით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ პირობების შესახებ დაიჩივლებენ.

სახელდახელო საავადმყოფოში მედდებმა კონტრაქტების მიღება და ხელმოწერა 22 მაისს დაიწყეს.

ამჟამად კლინიკაში 500-მდე პაციენტია.

"ნასტოიაშჩეე ვრემია" არის რუსულენოვანი ტელეარხი, რომელსაც ხელმძღვანელობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება, ამერიკის ხმასთან თანამშრომლობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG