Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი: ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ყოფილ ცოლთან


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატი ანა აბაშიძე ამბობს, რომ ჩოგბურთელის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ყოფილ ცოლს, რომელმაც თავად უარი თქვა პირად კარიერულ წინსვლაზე:

„ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არაერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში.

ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და, პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან“, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

ადვოკატი ამბობს, რომ წუხს, თუ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ ოჯახური ძალადობის ნიადაგზე აღძრულმა საქმემ ჩოგბურთელის კარიერასა და დღევანდელ მდგომარეობას დისკომფორტი შეუქმნა, თუმცა ერთადერთი, ვისკენაც ამის გამო მას ხელის გაშვერა შეუძლია, საკუთარი თავია.

ანა აბაშიძემ საქმეში ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარის პოზიციების დაფიქსირებისას განაცხადა, რომ წარმატებულობა არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებულ ადამიანს ვინმეზე ძალადობა შეუძლია და ეპატიება.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ამ თემაზე ასევე ნახე:

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG