Accessibility links

ჩინეთი კონტრზომებით იმუქრება აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების შემთხვევაში


ჩინეთი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს აშშ-ის წინააღმდეგ, თუ ვაშინგტონი თავის მუქარას შეასრულებს და პეკინს დასჯის ჰონგ-კონგში კამათის საგნად ქცეული, უსაფრთხოების ახალი კანონის დაწესების გეგმის გამო.

"თუკი აშშ ჯიუტად გააგრძელებს ჩინეთის ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას, ჩინეთს მოუწევს ყველა საჭირო ზომის გატარება ამის მოსაგერიებლად და ამასთან დასაპირისპირებლად", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ 25 მაისს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა პეკინი გააფრთხილა შესაძლო სანქციების თაობაზე, თუკი ჩინეთი "ფაქტობრივად ჰონგ-კონგის დაპატრონებას" შეეცდება.

პეკინი 21 მაისს გამოვიდა ინიციატივით, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხოეთის ჩარევას. ამ ინიციატივის ფონია ჰონგ-კონგში შარშან გამართული მასობრივი, ხშირად ძალადობრივი, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები.

ახალი კანონი, რომელსაც, როგორც ვარაუდობენ, ჩინეთის საკანონმდებლო ორგანო 4 ივნისს დაამტკიცებს, გვერდს აუვლის ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანოს.

ჰონგ-კონგის ბევრი მცხოვრები, ბიზნესჯგუფები და დასავლეთის მთავრობები შიშობენ, რომ ამ ინიციატივით დასრულდება ტერიტორიის საგანგებო სტატუსი. ამის გამო ქალაქის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა 24 მაისს, მიუხედავად კორონავირუსის გამო მასობრივ თავშეყრაზე დაწესებული აკრძალვისა.

პოლიციამ დემონსტრანტები ცრემლმდენი გაზით და წყლის ჭავლით დაშალა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის მთავრობის მრჩევლის, რობერტ ო'ბრაიანის შეფასებით, ჩინეთის ნაბიჯებმა დაარღვია 1984 წლის ჩინეთ-ბრიტანეთის შეთანხმება, რომელშიც ფართო ავტონომიის დაპირება იყო გამოთქმული, ჰონგ-კონგის 1997 წელს გადაცემის შემდეგ.

რობერტ ო'ბრაიენმა 24 მაისს განაცხადა, "როგორც ჩანს, ეროვნული უსაფრთხოების ამ კანონით ისინი, ფაქტობრივად, დაეპატრონებიან ჰონგ-კონგს და ეს თუ მოხდა ... სახელმწიფო მდივანი პომპეო სავარაუდოდ ვერ დაადასტურებს, რომ ჰონგ-კონგი ინარჩუნებს ავტონომიის მაღალ ხარისხს. ამ შემთხვევაში იქნება სანქციები, რომლებიც დაუწესდება ჰონგ-კონგს და ჩინეთს".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ეს კანონი იქნება "სიკვდილის მომასწავლებელი ავტონომიის იმ მაღალი ხარისხისთვის, რომელსაც პეკინი დაჰპირდა ჰონგ-კონგს".

უცხოეთიდან ჩინეთის მისამართით მწვავე კრიტიკა ისმის, რადგან პეკინი ცდილობს გაამკაცროს კონტროლი ბრიტანეთის ყოფილ კოლონიაზე და ამჟამად საგანგებო ფორმით მართულ ტერიტორიაზე - თუმცა საკუთრივ ჰონგ-კონგის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელმა 25 მაისს მხარი დაუჭირა პეკინის ნაბიჯს.

ჰონგ-კონგის უსაფრთხოების ხელმძღვანელმა, ჯონ ლიმ თქვა, ქალაქს "ძალადობის ჩრდილი" მოსავს და მას ახალი კანონი "მზარდ ტერორიზმთან" დასაპირისპირებლად ესაჭიროებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG