Accessibility links

ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი


ავღანეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ გაათავისუფლა თალიბანის წევრი 100 პატიმარი, როგორც ნაწილი მთავრობის პასუხისა სამდღიან ზავზე, რომელიც ექსტრემისტებმა გამოაცხადეს მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების აღნიშვნის მიზნით.

თალიბანის 100 წევრი 25 მაისს გაათავისუფლეს, როგორც "კეთილი ნების ჟესტი სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გასახანგრძლივებლად და პირდაპირი მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დასაწყებად" ექსტრემისტებთანო, დაწერა ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივანმა, ჯავიდ ფაისაიმ ტვიტერით.

თალიბანმა და აშშ-მა თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიზანია დასრულდეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო ქმედება. შეთანხმება შეიცავს დროში გაწერილ გეგმას, როდის უნდა გავიდნენ აშშ-ის სამხედროები ავღანეთიდან, და ამის სანაცვლოდ თალიბანი უსაფრთხოების მხარდაჭერის პირობას დებს. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ქაბულმა უნდა გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, ხოლო ექსტრემისტებმა უნდა გაუშვან 1000 დაკავებული პირი. მოელიან, რომ ამ ნაბიჯებმა გზა უნდა გაუხსნას ავღანეთის შიგნით მოლაპარაკებების დაწყებას.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს თალიბანთან, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.


დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG