Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც აღინიშნება


საქართველოს დროშის ფერებით განათებული ციხე-სიმაგრე სლოვენიაში (საარქივო ფოტო)
საქართველოს დროშის ფერებით განათებული ციხე-სიმაგრე სლოვენიაში (საარქივო ფოტო)

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშის ფერებით წელსაც განათდება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ღირშესანიშნაობები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებით განათდება იერუსალიმის ძველი ქალაქის იაფოს კარიბჭის შესასვლელი, საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის მერიის შენობა, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსის თეთრი ხიდი და ქალაქ კაუნასის რატუშე. თბილისის დროით 17:10 საათზე ვილნიუსის მთავარ საკათედრო მოედანზე გაიშლება საქართველოს გიგანტური დროშა და შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

იაპონიაში, ტოკიოს ცენტრში შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.

ესტონეთსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოების შენობებზე გამოისახება საქართველოს დროშის ფერები.

ბელარუსში, მინსკის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის დიდ ეკრანზე მოხდება 26 მაისის სიმბოლიკის ჩვენება.

ირლანდიაში, დუბლინის ქუჩებში გამოიფინება საქართველოს დროშები და საელჩოს სოციალური ქსელის მეშვეობით გაზიარდება საქართველოს ხელოვნების სასახლის კოლექცია.

ნიდერლანდის სამეფოში, ჰააგის სამრეკლოდან გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

აშშ-სა და მექსიკაში გაიმართება შემეცნებითი ონალინ-კონფერენციები. აშშ-ში საქართველოს საელჩოს სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება მასალა ქართული კულინარიის შესახებ და საელჩოს შეფ-მზარეულის მასტერ-კლასი.

საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, კახში ყვავილებით შეამკობს 9 აპრილის მემორიალს, ხოლო უზბეკეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული და საელჩოს წარმომადგენლები ტაშკენტის ქრისტიანულ სასაფლაოზე პატივს მიაგებენ საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის საფლავს.

საქართველოს ელჩი პოლონეთში და სეიმის ვიცე-მარშალი გვირგვინით შეამკობენ ვარშავის აჯანყების მუზეუმში, თავისუფლების პარკში, პოლონეთის არმიის ქართველ ოფიცერთა მემორიალს.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ლევილში ყვავილებით შეამკობენ პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელთა საფლავებს.

ბულგარეთში, საქართველოს საელჩო გამართავს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ვიდეო-კონფერენციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბულგარეთის ხელისუფლების და ქართული კულტურის წარმომადგენლები.

ლატვიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გავრცელდება ვიდეორგოლი, სადაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი და დიპლომატიური კორპუსი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ. ვიდეომიმართვები გავრცელდება აზერბაიჯანში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ბელარუსში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესტონეთში, ვატიკანში, იაპონიაში, ირლანდიაში, ეგვიპტეში, ირანში, ისრაელში, კორეის რესპუბლიკაში, ნორვეგიაში, სლოვენიაში, უნგრეთსა და შვეიცარიის კონფედერაციაში.

თურქეთში საქართველოს საელჩო ცაში გაუშვებს საჰაერო ბურთებს, რომლებზეც გამოსახული იქნება საქართველოს დროშა.

სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა ქართველი შემსრულებლის მიერ საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის ჰიმნები შესრულდება.

ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის სოციალურ ქსელებზე გაზიარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის - ხელოვნების სასახლის ვირტუალური კოლექციები და ოკუპაციის მუზეუმის ვირტუალური ვერსია.

სლოვენიაში გაიმართება სლოვენიური დოკუმენტური ფილმის “Call It Amber” ტრეილერის ონლაინპრემიერა, რომელიც ეძღვნება უძველეს ქართულ ტრადიციას - ღვინის ქვევრში დაყენებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG