Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: დღეს უჩვეულო 26 მაისია


საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის მოქალაქეებს და თავდაცვის ძალებს დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის ბაზიდან მიულოცა და ძირითადად, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეულ კრიზისზე ილაპარაკა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ დღეს უჩვეულო 26 მაისია, რადგან საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება თავდაცვის ძალებთან ერთად სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაში სწორედ კრიზისის გამო, რომელიც არ დასრულებულა.

„ამ ვითარების მიუხედავად, ჩვენი აქ მოსვლით და თავდაცვის ძალებთან დგომით გამოვხატავთ ამ დღის მნიშვნელობას საქართველოსთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი ჩვენი თავდაცვის ძალებია და მათთან ერთად შეკრული და ძლიერი საზოგადოება“.

პრეზიდენტის განცხადებითვე, ურთულესი კრიზისის დროს საქართველომ მსოფლიოს მისცა გამძლეობის და წარმატების მაგალითი და ეს ყველას გამარჯვებაა, მაგრამ ომი არ დასრულებულა და უხილავ მტერთან ბრძოლა გრძელდება.

„როცა მიღწეულ წარმატებებზე ვმსჯელობთ, ყველაზე ნათლად ჩანს, თუ რა როლი ითამაშა ამაში პროფესიონალიზმმა“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, მთავრობამ დროულად და ეფექტიანად აამოქმედა მართვის ყველა ბერკეტი, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა სწორად დასახეს დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგია, ჯარისკაცებმა ყველგან, სადაც საჭირო იყო მაღალ დონეზე შეასრულეს თავისი მოვალეობა და „რაც მთავარია, საზოგადოებამ გამოვლინა თავისი სიმწიფე და ქვეყნისა და მოყვასის სიყვარული“.

სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საქართველოს არც ერთ ეტაპზე არ დაურღვევია დემოკრატიის პრინციპები, ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, ხოლო გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო:

"არ გამოცხადებულა სრული კარანტინი; არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არც აღმსარებლობის თავისუფლება. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად, შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება. სწორედ ეს მიდგომები განასხვავებს დემოკრატიულ ქვეყნებს ავტორიტარულისგან. ყველას შეგვიძლია ვიამაყოთ ამით და იმით, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა. ასეთი დამოკიდებულება განვითარებული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი".

პრეზიდენტის განცხადებითვე, საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს საქარველოს მიერ კრიზისის სამაგალითოდ მართვას და ამის შედეგია მიღებული ფინანსური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG