Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გახარია: სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია


გიორგი გახარია
გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 26 მაისი საქართველოს ისტორიაში არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე.

„102 წლის წინ ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი და ამ ნაბიჯით გადადგა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. საქართველოს ისტორიაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე და მაშინ სწორედ 26 მაისს პირველმა რესპუბლიკამ განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის შემდგომი ორიენტაცია.“, - განაცხადა გიორგი გახარიამ 26 მაისის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე. მან ეს დღე საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს და აფხაზ და ოს ძმებს მიულოცა იმის რწმენით, რომ ერთად შევძლებთ წარმატებული სახელმწიფოს შექმნას:

„102 წლის წინ როდესაც ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის აქტი მას შემდგომ ბევრი თაობები ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განხორციელებისთვის იბრძოდნენ, შრომობდნენ, ზოგიერთმა მათგანმა და ბევრმა ამ ბრძოლას სიცოცხლე შესწირა. ყველა თაობას საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის ჰყავდა თავისი გმირი. ჩვენ უდიდესი პატივი უნდა მივაგოთ ამ ადამიანებს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მათი სახელები.

საქართველო დღეს თავისუფალია და ეს არის მათი დამსახურება, მაგრამ ჩვენი დამსახურება უნდა იყოს რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ეფექტური სახელმწიფო. და დღეს საქართველოს ჯარს ამ ფუნქციის ამ მისიის შესრულებაში უდიდესი როლი აქვს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მან მიმართვაში საგანგებოდ გამოყო ქართველი ჯარისკაცების დამსახურება სამშვიდობო მისიებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და წვლილი, რომელიც მათ შეიტანეს ახალი კორონავირუსის პანდემიის ეფექტურად მართვაში საქართველოში.

„დღეს საქართველომ შეიძლება თქვას და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ამ რისკის ლოკალიზება და მისი ეფექტური მართვა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე იმართება. სამხედროებს დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა მიულოცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG