Accessibility links

ავღანეთის მთავრობა გაათავისუფლებს თალიბანის წევრ კიდევ 900 პატიმარს


ავღანეთის მთავრობა 26 მაისს გეგმავს თალიბანის წევრი კიდევ 900 პატიმრის გათავისუფლებას, იმ ფონზე, როცა ექსტრემისტების მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივა უკვე მესამე და ბოლო დღეა გრძელდება.

ოფიციალური პირების თქმით, დიდწილად მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება, რომელიც 24 მაისს ამოქმედდა, მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების აღსანიშნავად. მანამდე მთავრობამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თალიბანის წინადადებას უპასუხა 2000 ექსტრემისტი პატიმრის გათავისუფლების გეგმის გამოცხადებით.

"გადავწყვიტეთ დღეს 900 გავათავისუფლოთ" - თქვა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა, ჯავიდ ფაისაიმ 26 მაისს და დასძინა, რომ ზუსტ რაოდენობას კანონიერი პროცედურა განსაზღვრავს.

აღსრულების შემთხვევაში, ამ ეტაპისთვის ეს იქნება თალიბანის პატიმართა ყველაზე დიდი ჯგუფის გათავისუფლების შემთხვევა. 25 მაისს ხელისუფლებამ 100 პატიმარი გაათავისუფლა.

თალიბანმა და აშშ-მა თებერვალში მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიზანია დასრულდეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო ქმედება. შეთანხმება შეიცავს დროში გაწერილ გეგმას, როდის უნდა გავიდნენ აშშ-ის სამხედროები ავღანეთიდან, და ამის სანაცვლოდ თალიბანი უსაფრთხოების მხარდაჭერის პირობას დებს. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ქაბულმა უნდა გაათავისუფლოს თალიბანის წევრი 5000 პატიმარი, ხოლო ექსტრემისტებმა უნდა გაუშვან 1000 დაკავებული პირი. მოელიან, რომ ამ ნაბიჯებმა გზა უნდა გაუხსნას ავღანეთის შიგნით მოლაპარაკებების დაწყებას.

პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა სამშვიდობო მოლაპარაკება გამართოს თალიბანთან, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე ომის დასასრულებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG