Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰონგ-კონგის ლიდერი: ჩინეთის უსაფრთხოების კანონი არ გააუქმებს თავისუფლებებს


კერი ლამი
კერი ლამი

ჰონგ-კონგის ლიდერმა 26 მაისს სცადა დაემშვიდებინა საერთაშორისო ინვესტორები, რომლებსაც აშფოთებთ ფინანსურ ცენტრში უსაფრთხოების ახალი კანონის დანერგვის შესახებ ჩინეთის გეგმის შესაძლო ეკონომიკური და ფინანსური შედეგები და განაცხადა, რომ ამ ინიციატივის სამიზნე "მხოლოდ კანონის რამდენიმე დამრღვევი" იქნება.

პეკინი 21 მაისს გამოვიდა ინიციატივით, ჰონგ-კონგში დაწესდეს ეროვნული უსაფრთხოების კანონი, რომელიც აკრძალავს სახელმწიფოს ღალატს, ხელისუფლებისთვის ძირის გამოთხრას, ამბოხებისკენ მოწოდებას და უცხოეთის ჩარევას. ამ ინიციატივის ფონია ჰონგ-კონგში შარშან გამართული მასობრივი, ხშირად ძალადობრივი, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები.

ჰონგ-კონგის ბევრი მცხოვრები, ბიზნესჯგუფები და დასავლეთის მთავრობები შიშობენ, რომ ამ ინიციატივით დასრულდება ტერიტორიის საგანგებო სტატუსი და ბიზნესის მიმართ კეთილგანწყობილი გარემო. ამის გამო ქალაქის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გავიდა 24 მაისს, მიუხედავად კორონავირუსის გამო მასობრივ თავშეყრაზე დაწესებული აკრძალვისა.

ჰონგ-კონგის მმართველმა, კერი ლამმა "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა განცხადებებს, რომ ქალაქის თავისუფლებები საფრთხის ქვეშაა. "ჰონგ-კონგის თავისუფლებები შენარჩუნდება და უცვლელი დარჩება ჰონგ-კონგის დინამიზმი, ისევე, როგორც ფუნდამენტური ღირებულებები, როგორებიცაა კანონის უზენაესობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ხალხის სხვადასხვა უფლებები და თავისუფლებები", - უთხრა ლამმა ჟურნალისტებს. შემოთავაზებული კანონის სამიზნე "მხოლოდ კანონის რამდენიმე დამრღვევია... ის იცავს კანონმორჩილ, მშვიდობისმოყვარე მცხოვრებთაგან შემდგარ უდიდეს უმრავლესობას", - დასძინა მან.

ჰონგ-კონგის საგანგებო უფლებების გაუქმებას შესაძლოა აშშ-მა სანქციების დაწესებით და უპირატესი სავაჭრო სტატუსის მოხსნით უპასუხოს, რაც დარტყმას მიაყენებს ქალაქის, როგორც აზიის ფინანსური ცენტრის პოზიციას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG