Accessibility links

კარლ ჰარცელი: დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდში ყოფნით ამაყობს


ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მიმართვაში იგი ამბობს, რომ ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდში ყოფნით ამაყობს, რადგან იგი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია:

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა“, - აღნიშნავს კარლ ჰარცელი.

მისი თქმით, საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და შეხსენება იმისა, რომ ხშირად, თავისუფლება საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქართველოში.

ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ საქართველო ევროპაში კუთვნილ ადგილს იკავებს, ხოლო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება:

„სწორედ ასეთ მყარ საფუძველზე დგას ჩვენი მეგობრობა, რითაც საერთო გამოწვევებს ვუმკლავდებით. დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 102 წლის წინათ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ, შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG