Accessibility links

სალომე ზურაბიშვილი: ოკუპაცია ანაქრონიზმია


საქართველოს პრეზიდეტმა დასავლეთთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა ვაზიანის ბაზაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პანდემიის გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა: „ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა - ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა. ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი - ანაქრონიზმია“.

პრეზიდენტის თქმით, ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება და საქართველოს მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გააჩნია: „ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია, როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი“.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალ მნიშვნელობას იძენს აშშ-თან სტრატეგიული პატრნიორობა, რომელიც უფრო მრავალფეროვანი იქნება, რადგან უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეები გაჩნდა: „ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები“.

პრეზიდენტის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.

„ამავე დროს, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაზე. ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს, ესე იგი, ჩვენს ბიომრავალფეროვნებას. იმას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის ბაზაზე, თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა წინაშე გამოსვლისას.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ღონისძიებებით აღინიშნება მხოლოდ თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG